„ოცნების“ ყოფილი მომხრეები “ახალ საქართველოში” გაწევრიანდნენ…

ფიქრია წიკლაური

„ახალ საქართველოს“ ახალი წევრები ჰყავს. საინტერესოა, რატომ წევრიანდებიან ამ პერიოდში მოქალაქეები ოპოზიციურ პარტიებში და რას ელიან ისინი მომავლისგან.

მერაბ ორაგველიძე და ბესიკ მუკბანიანი სულ რამდენიმე დღეა „ახალი საქართველოს“ წევრები გახდნენ, როგორია მათი ხედვა და რატომ „ახალი საქართველო?“

მერაბ ორაგველიძე

პოლიტიკაში მოსვლამდე ბიზნესით ვიყავი დაკავებული, სულ რამდენიმე თვეა ბიზნესი გავყიდე და პოლიტიკურ პარტია “ახალ საქართველოს” შევუერთდი.

ბესიკ მუკბანიანი:  ვარ ბიზნესმენი, 2003 წლიდან სამშენებლო  სფეროში ვარ, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში.

რატომ გამოუცხადეთ ამ პარტიას ნდობა?

ორაგველიძე -არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს.

მუკბანიანი – ჩვენთან ახლოს არის ის პრინციპები, რაც ახალ საქართველოს აქვს პროგრამაში, განსაკუთრებით ჯანდაცვა და საპენსიო პროგრამა.

-თქვენ უკვე პოლიტიკაში „შეაბიჯეთ“, პირად საუბარში უკვე თქმით, რომ ადრე საკმაო სიმპათიები გქონდათ „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა გასაწევრიანებლად სხვა პარტია აირჩიეთ, გამოდის თქვენს თვალში მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა?

ორაგველიძე – არა მხოლოდ ჩვენს თვალში, საზოგადოების დიდ ნაწილში უკვე.

-როგორ ფიქრობთ, რატომ კარგავს “ქართული ოცნება” რეიტინგს?

ორაგველიძე: ქართულმა ოცნებამ ვერ გაამართლა ხალხის იმედები, არ შესრულდა დაპირებების 10 %-იც კი, რადგან განათლებული კადრები უჭირდათ და ვერ განავითარეს ვერცერთი სფერო. რესურსი კი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ბიზნესში ვართ ჩახედული და გვაქვს წამყვან კომპანიებთან ურთიერთობა, წინა წლებთან შედარებით იმათაც ძალიან უჭირთ არსებობა, შეუმცირდათ ბრუნვა. ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებმა არასტაბილური ბაზარი შექმნა.

ბესიკ მუკბანიანი – მიზეზი ძალიან ბევრია, ცხოვრების პირობები დღითი დღე უარესდება, საწვავზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები ხელოვნურად იმატებს. უცხოეთში სამუშაოდ წამსვლელთა რიცხვი იზრდება. მარიხუანას ლეგალიზაცია-მოხმარებაზე სასჯელის გაუქმებამაც დიდი პროტესტი გამოიწვია მოსახლეობაში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ამ საკითხზე ვიმუშავოთ, რომ სამომავლოდ აუცილებლად აიკრძალოს მისი მოყვანა-კულტივაცია და მოხმარების რეგულაციებიც გამკაცრდეს.

-რის გაკეთებას აპირებთ პარტიაში?

მერაბ ორაგველიძე – ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ვაპირებთ რეგიონების მაცხოვრებლების ჩაბმას ჩვენს პარტიულ საქმიანობაში. აღარ გვგონია იმედგაცრუებული ხალხი ისევ  მოტყუვდეს და ესენი მოიყვანოს  ხელისუფლებაში.  დიდი იმედი გვაქვს რომ გაერთიანებული ოპოზიცია 70%-ით მოვა ხელისუფლებაში.