”რუსთავი2”-თან დაკავშირებით, ხალვაში-ოქრუაშვილს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე დავა გრძელდება

”რუსთავი2”-თან დაკავშირებით, ხალვაში-ოქრუაშვილს შორის გაფორმებულ დოკუმენტზე მორიგ კომენტარს აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და ამბობს, რომ ხალვაში კატეგორიულად უარყოფს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას. ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

პაატა სალიას თქმით, ექსპერტებს ხელმოწერის ნამდვილობის დასადასტურებლად რამდენიმე ნიმუში სჭირდებათ.

“ქიბარ ხალვაში კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს არის მისი ხელმოწერა. რაც შეეხება დასკვნას, როგორც წესი, ექსპერტებმა რომ სრულად შეძლონ 100%-ანი სიზუსტით თქვან, რომ ესა თუ ის ხელმოწერა ეკუთვნის ამა თუ იმ ადამიანს, ჭირდება რამდენიმე ნიმუში, შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, რომ ასეთი ნიმუშით შესაძლებელი ყოფილიყო 100%-იანი დასკვნის გაკეთება. ამ ეტაპზე ხდება, უბრალოდ გარკვეული ყალბი თუ სხვა ტიპის დოკუმენტებით მანიპულირება,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

აღნიშნულ დოკუმენტზე საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ ოქრუაშვილი არ არის ის ავტორიტეტი, ვისი წარდგენილი დოკუმენტიც შესაძლოა სარწმუნოდ იქნეს მიღებული. ვოლსკი დადებითად აფასებს უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებას:

„ინსტანცია არ უნდა დარჩეს, სადაც ეს საკითხი არ იქნება გარჩეული და არ იქნება საზოგადოებისათვის სანდო გადაწყვეტილებები მიღებული. ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ის ავტორიტეტი, რომელმაც შეიძლება რაიმე დოკუმენტი წარმოადგინოს და ეს აიღო და უეჭველად მიიღო“- აღნიშნა  ვოლსკიმ.

 

კომენტარის დატოვება