ტოკიო – ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტყვიის სროლაში, ნინო სალუქვაძემ, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ ლიცენზიას ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში დაეუფლა, სადაც ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები მისთვის მე-9 ოლიმპიადა იქნება, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური მაჩვენებელია.

იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.​