„ვიწყებ მჯდომარე აქციას დევნილთა სამინისტროსთან ჩემი ტასოს სურათთან ერთად!“

ეს სტატუსი გუშინ სოციალურ ქსელში ქალბატონმა მარინა ნაჭყებიამ დაწერა.

„ვიწყებ მჯდომარე აქციას დევნილთა სამინისტროს შემოსასვლელ კარებთან ჩემ ტასოს სურათთან ერთად…

დადგა სექტემბრის თვე , ახალი სიები უნდა დაიდოს. ვფიცავ, ჩემს ღირსებას და ტასოს, შეწირულ გმირებს…თუ არ აღვმოჩნდი სიაში , არავინ განმსაჯოს…მე ვარ ამის გამკეთებელი….“

14329886_513162372211324_7587132853379458971_n

ქალბატონი მარინა აფხაზეთიდან დევნილია, ის ამჟამად აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. რატომ აპირებს ის მჯდომარე აქციის დაწყებას და რამ მიიყვანა ამ ზომამდე? ამ კითხვით ჩვენ მარინა ნაჭყებიას დავუკავშირდით.

-„დევნილთა სამინისტო ინტენსიურად ახორციელებს დევნილებისთვის ბინების გადაცემას, რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?

-ბინები თბილისში ჯერ კიდევ მისაღები აქვს 11000-ზე მეტ ოჯახს, მათ შორის მეც.

მერამდენე ეტაპი გავიარე და არ მაღირსეს. 9,5 ქულა მაქვს. ძმა აფხაზეთის ომში დამეღუპა, ორჯერ არის დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის კავალრის ორდენით, მისი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა.

14217981_510728575788037_348121217_n

ვცხოვრობ რძალთან. შვილიშვილი ლევანიკო აუტიზმიანია–ანუ შშმ პირია. რამდენი წელია ველოდები ბინას და პრინციპულად არ მაძლევენ!

-რატომ ფიქრობთ, რომ პრინციპულად არ გაძლევენ?

-აბა რას ნიშნავს? ამდენი საბუთების პატრონი და ბინას არ მაძლევენ, ამდენი წელია ველოდები! არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ გაიკითხთ და ნახავთ, რომ დიდი დამსახურება მაქვს ქვეყნის წინაშე. რა არ გამოვიარე-ძმა რომ დავასაფლავე, მეორე დღეს აფხაზებმა დამიჭირეს და ერთი თვე ვიმყოფებოდი ტყვედ.

ამ თვის ბოლომდე ველოდები სიას და თუ კიდევ არ ვიქნები სიაში, დევნილთა სამინისტროს კარებთან დავჯდები ჩემი დაღუპული ძმის სურათთან ერთად.

ჩემი საკუთრება არაფერი გამაჩნია. მე მარტო არ ვარ ამ გასაჭირში, არიან ოჯახები, რომლებსაც  1,5 ქულა აქვთ და უკვე წლებია ქირით ცხოვრობენ. ცოდოა ხალხი, მართლა სულს ღაფავს უკვე!“-გვითხრა მარინა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, წიგნში  ”სამშობლოსათვის მარადისობაში”, რომელიც აფხაზეთის  მთავრობის დახმარებით დაიბეჭდა და ახლა მეორე წიგნიც გამოდის,  ქალბატონ მარინაზე ვრცელი სტატიაა დაბეჭდილი. სტატიის ავტორი ლია ტოკლიკაშვილია. წიგნი აფხაზეთის და სამაჩაბლოს გმირებს ეძღვნება.

P.S. სოციალურ ქსელში მარინა ნაჭყებიას სტატუსს უამრავი გამოხმაურება აქვს. დევნილები მას მხარდაჭერას და მასთან ერთად აქციაში მონაწილეობას სთავაზობენ.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება