ხათუნა სამნიძე პრემიერს დუმილის შენარჩუნების გამო აკრიტიკებს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დაპირისპირება ლგბტ თემის და კონტრაქციის წევრებს შორის მოხდა, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მთავრობის მეთაურს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ პოზიცია დააფიქსირონ და პასუხისმგებლობა აიღონ.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე პრემიერს ამ დრომდე დუმილის შენარჩუნების გამო აკრიტიკებს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლება არ იღებს ამ პასუხისმგებლობას, დუმს პრემიერი, დუმს ყველა წარმომადგენელი ხელისუფლებიდან და საპატრიარქო კიდევ ერთხელ ბედავს და ძალადობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაიაც.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. პარალელურად, ადგილზე რჩებიან ლგბტ თემის და კონტრაქციის წარმომადგენლები.