თბილისი პრაიდი – ღირსების მარში 8 ივლისს გაიმართება

“თბილისი პრაიდის” განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

“თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ  “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს. აქვე, იმედს გამოთქვამენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ დაცავს. ღირსების მარშის შეკრების ლოკაცია და დრო კონფიდენციალურია.

“22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

“ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

ჩვენ გამოვდივართ!” – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.