თემა, რომელზეც საქართველოში ხმამაღლა არ საუბრობენ…

არის თემები, რომლებზეც საქართველოში არ საუბრობენ, არის საკითხები, რომლებიც ყურადღების მიღმა რჩება, არადა პრობლემა ნამდვილად დგას. შშმ პირების მიმართ დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი საჭირო პროექტი ხორციელდება როფორც სამთავრობო პროგრამებით, ასევე არასამთავრობო სექტორის მიერ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაინც არის საკითხები, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

ამ საკითხებზე სასაუბროდ სააგენტო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) საერთაშორისო სამართლებრივი კვლევების დირექტორს თამთა მეგრელიშვილს დაუკავშირდა.

-თამთა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ELSA-მ ჩაატარა კვლევა, რომელიც  სოციალურ უფლებებს ეხებოდა და სწორედ ამ კვლევების დროს გამოიკვეთა საკითხი, რომელზეც ხმამაღლა არ საუბრობენ. სწორედ ამ თემაზე გვინდა გვესაუბროთ.

-დიახ, არის საკითხები, რომელზეც საართველოში ხმამაღლა არ საუბრობენ. ეს არის შშმ პირების რეპროდუქციული უფლება.

ნუ მართმევ უფლებას გავგრძელდე!

 სიცოცხლე  უფლებაა! რეპროდუქცია უფლებაა! 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა მოიცავს  უფლებას ვიყოლიოთ შვილები, გვქონდეს დაცული და დამაკმაყოფილებელი სექსუალური ცხოვრება, ხელმისაწვდომი იყოს ოჯახის დაგეგმარებისა და  სამედიცინო მომსახურების ის მეთოდები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ქვეყანაში მიღებულ კანონებს.

ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შემადგენელი ნაწილია. ბოლო წლების განმავლობაში წარმოდგენა შშმ პირების შესახებ მნიშვნელოვნად შეიცვალა. დღეს ისინი  ცხოვრების აქტიურ მონაწილეებად განიხილებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ რეალობის შეფასების, არჩევანის გაკეთებისა და სასურველი ცვლილებების ინიცირების უნარი. მიუხედავას ამისა ჩვენს კულტურაში  სექსზე, სექსუალობასა და სექსუალურ იდენტობაზე საუბარი, ჯერ კიდევ დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ვსაუბრობთ ამ კონტექსტში სიტუაცია უფრო მეტად რთულია. საზოგადოება არ არის ინფორმირებული სქესობრივი განათლების შესახებ და შშმ პირების საჭიროებებზე, რაც ხშირ შემთხვევაში აყალიბებს არას სწორ და დისკრიმინიციულ  დამოკიდებულებებს მათ მიმართ.

ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სექსუალობასთან დაკავშირებული თემებით, თუმცა პროფესიული კუთხით ხშირად ხდება ამ საკითხების იგნორირება, ან მათზე საუბარი სერიოზულ დისკომფორტს იწვევს ხოლმე.

-ვის შეუძლია მათი დახმარება?

-სოციალურ მუშაკებს,  ფსიქოლოგებს შეუძლიათ დაეხმარონ შშმ პირებს სექსუალობის  და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიების გამომუშავებაში მათი სექსუალური საჭიროების მხარდაჭერის გზით.

მრავალი მშობელი აძლევს რჩევებს თავიანთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვაჟს, ან ქალიშვილს სექსუალურ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც წესი, ეს რჩევები მიზნად ისახავს მათთვის პირადი და სქესობრივი ურთიერთობისგან მორიდებას. ჩვეულებრივ,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ცდილობენ როგორღაც დაუსხლტნენ ამ აკრძალვებს, ან მეტი მოთმინება გამოიჩინონ, რათა სამომავლოდ მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვონ.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებები ერთგულებას იჩენენ ხოლმე მშობლებსა და იმ ნორმების თუ ღირებულებების მიმართ, რომელთაც მათ მშობლები აწვდიან. ამდენად, წარმატებული სქესობრივი განათლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებთან და მთლიანად ოჯახთან მუშაობა.

განსაკუთრებით რთულია ამ გარემოებების გამო წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარება, როდესაც პირადი ურთიერთობა მხოლოდ ჩანასახშია და იწყებს განვითარებას. ამავე დროს შშმ პირებს უჭირთ თვითგამოხატვა და უხდებათ სტრესთან ან შინაგან აგრესიასთან გამკლავება. ფრუსტრაციასთან, იმედგაცრუებასა და პასუხგაუცემელ კითხვებთან გამკლავება.

-რატომ დგება ეს პრობლემა?

– ეს პრობლემები თავს იჩენს შემდეგი სამი ფაქტორდან გამომდინარე.

სპეციალისტები არასერიოზულად უდგებიან შშმ პირებს და არ უსმენენ მათ;

შშმ პირებს არ გააჩნიათ მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება;

შშმ პირებს არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია პირადი ურთიერთობებისა და სექსის შესახებ.

-გამოსავალი?

– საჭიროა, რომ მოხდეს სხადასხვა თემებზე შშშ პირების და მათი მშობლების ინფორმირება, როგორიცაა: პირადი და საჯარო სივრცე, სექსი და მასტურბაცია, კონტრაცეფცია და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მოზარდობა და ორსულობა და ა.შ.

როგორც წესი მშობლები არიან (ან უნდა იყვნენ) პირველები, ვინც მათ შვილებს სექსუალურ საკითხებზე დაელაპარაკება, მაგრამ ბევრ მშობელს ამის ეშინია ან ეუხერხულება. მშობლებს ხშირად ეშინიათ რომ

1) სექსზე საუბარმა შესაძლოა უბიძგოს ბავშვს სექსუალური ექსპერიმენტირებისა და აქტივობისკენ.

2) ხშირად მათ (მშობლებს) ჰგონიათ,  არასაკმარისი იციან, იმისთვის რომ კომპეტენტურად გასცენ პასუხი შესაბამის კითხვებზე.

3) რომ მათმა შვილებმა უკვე საკმაოდ ბევრი (ან პირიქით მეტისმეტად ცოტა იციან) სექსის შესახებ.

გარდა ამისა შშმ პირების მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეგრძნება, რომ მათი შვილები გახდებიან სექსულური ძალადობის და ექსპლუატაციის ობიექტები. ან რომ მათი შვილები ვერ გამოხატავენ სათანადოდ თავიანთ სექსუალურ განცდებს. მოკლედ რომ ვთქვათ მშობლებს ხშირად გონიათ, რომ სექსზე საუბარი პრობლემებს წარმოშობს. ასეა თუ ისეა, მშობლებმა მაინც უნდა შეძლონ თავიანთი შვილის მხარდაჭერა ცხოვრებისეულ

უნარ-ჩვევების გამომუშავებისას. მაგალითად სოციალური უნარ-ჩვევის უქონლობისას ახალგაზრდას შესაძლოა გაუჭირდეს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება, რამაც შესაძლოა „განსხვავებულად“ აგრძნობინოს თავი. ასევე სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების არასაკმარისმა ცოდნამ ბავშვს (ახალგაზრდას) შესაძლოა უბიძგოს დაუფიქრებელი საქციელისკენ და ჯანმრთელობისთვის სარისკო ქმედებებისკენ.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებისა და პედაგოგების (ან ექიმების, სოც.მუშაკების და ა.შ.) ერთობლივი, შეთანხმებული ძალისხმევა შშმ პირების სქესობრეივ განათლებაში. მასწავლებლებსა და სხვა პირებს ოჯახის გარეთ ევალებათ უფრო მეტად ინფორმაციის მიწოდება, მაშინ როდესაც მშობლები უზრუნველყოფენ ბავშვების სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ღირებულებათა ჩამოყალიბებას.

 

 

კომენტარის დატოვება