“24 საათიან რეჟიმში მთელი დიპლომატიური სამსახური არის მობილიზიზებული”

გუგუტიანთკართან ამჟამად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკართან სამუშაოები განაახლეს, საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 24 საათიან რეჟიმში მთელი დიპლომატიური სამსახური არის მობილიზიზებული პროცესებთან დაკავშირებით. როდესაც საუბარი გვაქვს ოკუპანტებზე და იმ პროცესებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს, ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით მონიტორინგის რეჟიმში და ამაზე ვრეაგირებთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რამდენიმე დღეა უკანონო ბორდერიზაცია მიმდინარეობს, უცხოელი დიპლომატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდნენ.