ცხინვალმა საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა და თბილისზე რეაგირების მოხდენა მოითხოვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რათა მიიღონ გადამწყვეტი ზომები და მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე. დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებით, დღეს ქართული მხრიდან ადგილი ჰქონდა სროლას, რაც ქვეყნებს შორის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საფრთხის პროვოცირებას წარმოადგენს.

განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის თქმით უკვე გაგზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

პრესცენტრის განცხადებით, უწყებამ ასევე მოუწოდა რუსეთს, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირის ქვეყნებს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმონ საქართველოს ხელმძღვანელობის აგრესიული პოლიტიკა, რაც საფრთხეს უქმნის მთელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას.

შესახსენებთ:  ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბაეზროვამ დღეს დილით განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის ძალების  დრონი ჩამოადგო.