მე დამიბრუნდნენ აფხაზი მეგობრები, სხვებსაც უნდათ დაკარგული მეგობრების ნახვა…

ჩვენი მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ სააგენტო ყოველ დღე აშუქებს თუნდაც ერთ მასალას აფხაზეთზე, ალბათ ამიტომაც დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელმაც გვთხოვა მისთვის მოგვესმინა და მერე, თუ საჭიროდ ჩავთვლიდით, თქვენამდე მოგვეტანა მისი ნაამბობი. ქალბატონი ლამარა (გვარს მისი თხოვნით არ ვწერთ, რადგან გვითხრა-ოჯახი მყავს და არ მინდა რაიმე პრობლება შეგვექმნესო) სოხუმიდან შვილთან და შვილიშვილებთან არის ამჟამად სტუმრად თბილისში ჩამოსული, როგორც გვითხრა, ჩვენს საიტზე რამდენიმე იმ ადამიანის წერილი უნახავს, ვისაც პირადად იცნობს და სწორედ ამან გადააწყვეტინა დაგვკავშირებოდა. მან ითხოვა თავად ეთქვა ის, რაც გულში აქვს და სხვა კითხვა არ დაგვესვა, ჩვენც დავთანხმდით.

-„გვარს რომ არ ვასახელებ, არავის ეგონოს, რაიმეს არასწორს ვამბობდე, ჩემი ახლობლები ისედაც მიხვდებიან ვინ გელაპარაკებათ, რადგან ყველგან იგივეს ვამბობ-ქართველთანაც, აფხაზთანაც, რუსთანაც და სომეხთანაც, ასე რომ ეს მათთვის ახალი არ იქნება. მე მინდა უფრო მეტად ახალგაზრდებს დაველაპარაკო, რადგან სწორედ მათ უნდა აღადგინონ ჩატეხილი ხიდი.

იცით ახლა ჩვენთან როგორი სიტუაციაა? თვითონ აფხაზები და რუსები უყურებენ ერთმანეთს ეჭვის თვალით, ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ აშკარად ჩანს გაცივებული ურთიერთობა. სოხუმის მერმაც კი გააკეთა განცხადება, მაგრამ სხვა მაღალჩინოსნებმა გაანეიტრალეს, თუმცა ვერ შეძლეს, ნაპერწკალი ღვივდება…თქვენ რა გგონიათ, არ ნანობენ ახლა აფხაზები? რუსებს უნდათ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ, აფხაზი ერი ამაყი ერია და ვერ ეგუება საკუთარ სახლში სხვის ბატონობას. როგორც მე ვიცი, უკმაყოფილება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ამას რუსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაც ხედავს…აფხაზები გრძნობენ, რომ ბევრი რამის დათმობა უხდებათ.მეგობარი მყავს, აშბა, სოხუმში ცხოვრობს და მან მითხრა, იქნებ, მართლა იყოს შესაძლებელი ახალი ურთიერთობების დაწყებაო. სწორედ მისგან ვიცი, რომ აფხაზების უმეტესი ნაწილი დაფიქრებულია და პოზიციის შეცვლამდე ერთი ნაბიჯიღა უკლიათ. ახლა მთავარია საქმე დავანახოთ მათ, სიახლეები შევთავაზოთ. მე, როგორც ერთი მოქალაქე აშკარად ვგრძნობ შერბილებას ურთიერთობებში.

ადრე ვერ დაელაპარაკებოდი აფხაზებს, ქართველების გაგონება არ უნდოდათ. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ბოლო ხანებში თვითონ დამიკავშირდნენ და ისე მოგვნატრებია ერთმანეთი, წარსულ წყენაზე ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია. მერე კიდევ, იცით, რამდენი ახალი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა? ნუ გეწყინებათ, მაგრამ ჟურნალისტებიც უნდა აქტიურობდნენ ამ მხრივ -სულ ცუდ ამბავს რომ აშუქებთ, კარგიც გააშუქეთ, იქნებ, უფრო დადებითად იმოქმედოს ამან საზოგადოებაზე. სწორედ ამ დღეებში ქართულ-აფხაზურ ქორწილში ერთად ისხდნენ აფხაზები და ქართველები. მე ვნახე მათი დაძაბული სახეები, ვნახე წყენაც, მაგრამ ვნახე იმედიც, რადგან დავიღალეთ. ჰო, უბრალო ხალხი დავიღალეთ.დავიღალეთ ჩვენც და ისინიც და უკვე აშკარად ვგრძნობ, რომ ახლა აფხაზებთან ადამიანურ ენაზე დალაპარაკება შეიძლება. ხომ ხედავთ, აფხაზეთმა უარი განაცხადა რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმზე, ეს დასაფიქრებელია და ხელი უნდა ჩავჭიდოთ. კარგი დაფიქრებაა საჭირო, ყველა სიტყვის აწონ-დაწონვა. მთავარია, ნდობა აღდგეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ; მთავარია, სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ ეს ყველაფერი და არა აგრესიის, მოწოდების და ბრძანების კილოთი. ხომ გითხარით, მე დამიბრუნდნენ აფხაზი მეგობრები, ასევე უნდა დაბრუნება ბევრ სხვასაც, მაგრამ ხალხს გვაცალონ.

ვიცი რასაც მკითხავთ-რუსეთის ფაქტორი? რა თქმა უნდა, რუსეთი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, მაგრამ მასთანაც შეიძლება დალაპარაკება და როცა ის დაინახავს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უფსკრულს ვერ გააჩენს, იმის შიშით, რომ თავად არ ჩავარდეს თავისი ხელით აღმართულ უფსკრულში, დათმობებზე წავა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მჯერა, რომ მალე დადგება ეს დრო. აი, მერეა ყველაზე სათუთი პერიოდი. ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება, ძველის დავიწყება. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა დიდი როლი უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერში. მე მჯერა, რომ აფხაზური საზოგადოება უკვე ხედავს სიახლეებს. ვიცი, უკვე ბევრი ამბობს _ „აფხაზეთი საქართველოა“. მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც გექნებათ ნანახი. აი, ეს უნდა გაგეშუქებინათ, აი ეს ლოზუნგი უნდა დადებულიყო ყველა საინფორმაციო საშუალებებზე და ტელევიზიით. ეს პირველი ნაბიჯია, ეს არის ის ჩასაჭიდი ძაფის ბოლო, რომელსაც მაგრად უნდა მოვკიდოთ ხელი და ნელ-ნელა მივყვეთ ბოლომდე.

და ბოლოს, კარგი რამ დაიწყეს თბილისში ახალგაზრდებმა-მისალმების და მოკითხვის გაგზავნა, თქვენ გგონიათ ისინი არ ადევნებენ თვალს თბილისში რა ხდება? შეიძლება ახალი ანტენები არ დადგან, ტელევიზორში არ უყურონ საქართველოში მიმდინარე ამბებს, მაგრამ ინტერნეტში უყურებენ, ეს მე ვიცი და იმიტომ ვამბობ, ამიტომ ჩავჭიდოთ ამ ძაფის ბოლოს ხელი და მივყვეთ აფხაზეთამდე, დამიჯერეთ, არც მეორე ბოლო იქნება ცარიელი…“-გვითხრა ქალბატონმა და დაგვპირდა, რომ მეორედ ჩამოსვლისას ინტერვიუზეც დაგვთანხმდება და ბევრ საინტერესო ამბებს ჩამოგვიტანს სოხუმიდან.

9221777db24e აფხაზეთი საქართველოა!L5UY9Kial5g

კომენტარის დატოვება