“ქართული ოცნების” მშვიდობის მემორანდუმი

მემორანდუმი

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო აგიტაციისას კონტრაქციების თაობაზე

 ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები

ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,

ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,

ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე.

ირაკლი კობახიძე

პარტიის აღმასრულებელი მდივანი

-“მემორანდუმი კონსულტაციების საფუძველზე შევიმუშავეთ. ამ მემორანდუმის მიზანი კონტრაქციების თავიდან აცილება გახლავთ, იმისათვის, რომ არ დავუშვათ ძალადობა და ძალადობის პროვოცირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექსტი რომელიც არის ლაკონური. მიზანი არის მარტივი და ასევე მარტივად არის ეს მიზანი ასახული ტექსტში. დღესვე გავუგზავნით მემორანდუმის ტექსტს საარცევნო სუბიექტებს იმისათვის, რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხზე და იმედი გვაქვს, რომ ყველა პასუხისმგებლობის მქონე საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს. რამდენიმე სუბიექტთან გვქონდა კონსულტაციები, ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად დახვეწილი პირობები შეგვეთავაზებინა ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ განვაგრძოთ ეს კონულტაციები საერთაშორისო და არასამტავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები და არ დავუშვათ ინციდენტები, პროვოკაციები, ძალადობა საარჩევნო პროცესში“.

კომენტარის დატოვება