“ჯანმრთელობა პოლიტიკური არჩევანია და ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი”

საქართველოს პრეზიდენტი გაეროში, უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე (UHC) სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

„არავინ დატოვო მიღმა“ – ეს ჩვენი საერთო მიზანია. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის. მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში. 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც”- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.

„საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები. უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში”- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ქრონიკულ და არაგადამდებ დაავადებებზე.

„ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდ ტვირთად გვაწევს. საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს. და, როდესაც ვამბობ „თანაბარს“, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველაზე დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია. საყოველთაო ჯანდაცვამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება ჯანმრთელობის უფლება.”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს.

„ მე მტკიცედ მჯერა: იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ არ დარჩეს მიღმა, მოიტანს უფრო ფართო ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობა და პირადად მე ვრჩებით ამ გზის ერთგულნი, რადგან ეს არის ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც გვინდა მომავალი თაობებისთვის. ჯანმრთელობა პოლიტიკური არჩევანია, და ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი”- განაცხადა პრეზიდენტმა.