ევროსაბჭოს საიუბილეო კონფერენცია ამ ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობისათვის მზადების მნიშვნელოვანი ღონისძიებაა

თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს საიუბილეო კონფერენცია ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობისათვის მზადების მნიშვნელოვნი ღონისძიებაა

თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის ინიციატივით, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ათეა-ს და ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა, საიუბილეო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონფერენცია საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის მზადებისთვის მნიშვნელოვნად შეაფასა:

„საიუბილეო კონფერენციის ფარგლებში, გაიმართაძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროსაბჭოს დელეგაციასთან. მათგან კიდევ ერთხელ მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზისადმი. საქართველოს თავმჯდომარეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი და შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი მიღწევები და მეტად ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას“ – განაცხადა ტალიაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ათეა-ს პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე  ვაჰაგ მურადიანი.