“ქართულო მიწა” და სიმართლე მის ნამდვილ ავტორზე

დათო კრაწაშვილის ხსოვნისადმი მიღძვნილ სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას „შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი“, მამუკა გურგენიძე გამოეხმაურა და გვითხრა, რომ ლექსი, რომელიც მასალაში დათოს ლექსად არის მოხსენიებული, რეალურად ეკუთვნის მამამისს, ბატონ ავთანდილ გურგენიძეს.

-„ეს ლექსი „ქართულო მიწა“ მამაჩემმა, პოეტმა ავთანდილ გურგენიძემ ჯერ კიდევ 70-იან წლებში დაწერა და მართლაც რომ დიდი პოპულარობა მოუტანა ავტორს. სწორედ ეს ლექსი მათქმევინა უნივერსიტეტში პირველ კურსზე გამოცდაზე პროფესორმა თენგიზ კიკაჩეიშვილმა. ის მამას მეგობარი იყო, იმ წლებში კი ეს  ლექსი პოპულარობის ზენიტში იყო.

ხშირად მსმენია სხვადასხვა ადგილებში რომ კითხულობდნენ, იყო შემთხვევები, როცა ლექსს ხალხურად მოიხსენიებდნენ და ძალიან მწყდებოდა გული, მერე ამ სულმნათ ახალგაზრდას მიეწერა ეს ლექსი…მინდა ხალხმა იცოდეს სიმართლე და ამიტომ გამოგეხმაურეთ. იმ კრებულში, სადაც ეს ლექსია დაბეჭდილი, შესულია მეორე ლექსიც, რომელიც ბევრმა იცის და ავტორი რომ ავთანდილ გურგენიძეა ნამდვილად არ იცის.

-„ ვენაცვალები მშობლიური ზეცის კამარებს,

დედასთან ერთად საქართველოს დიდებას ვფიცავ.

მშობელ მიწაში ნუ გამიჭრით, ძმებო, სამარეს…

ვაი თუ მკერდი ეტკინოს მიწას…

აი, ასეთ ლექსებს წერდა ავთანდილ გურგენიძე, მისი ლექსი „დედაენაშიც“ შესულია“-გვითხრა ბატონმა მამუკამ.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთი ავტორის ლექსს ან სხვა ავტორს მიაწერენ ან ხალხურად მიიჩნევენ…

სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებაში ცნობილი ლესების ავტორები უცნობებად რჩებიან. კარგია, რომ ბატონი მამუკა დაგვიკავშირდა და სიმართლე ჩვენამდე, ჩვენ კი თქვენამდე მოვიტანეთ.

ახლა კი გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ვინ იყო პოეტი ავთანდილ გურგენიძე და მისი რამდენიმე ლექსიც შემოგთავაზოთ.

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბუკისციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა სართიჭალის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საქართველოს რესპუბლიკის საბავშვო ბიბლიოთეკაში მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, ლადო ასათიანის სახელობის რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: “იმედის კონცხი” “ლექსები”, “გზა და ოცნება”.

14445358_1056506114469947_407675268_n 14445502_1056505914469967_269676907_n

ბატონი ავთანდილი 52 წლის გარდაიცვალა. მან შვილის ქორწილში დალია სული. ემოციებს ვერ გაუძლო და 9-ჯერ ნაინფაქტარმა გულმა უმტყუნა.

-„ზოგჯერ ბედნიერებაც კლავს ადამიანსო“-გვითხრა მამუკა გურგენიძემ.

ესეც დაპირებული ლესები.

პატარა ფერეიდნელის ნატვრა
ღამით დასიზმრებულო,
ლურჯთვალება იაო,
ჩემი საქართველოდან
მოფრენილო ნიავო,
სურნელება მამულის
გამოიძღვანიეო!..

ეს გაზაფხული მობრძანდება
გარბის ყინვა,
გარბის თოვლი,
მზის სხივებით დაზაფრული…
კი არ მოდის,
მობრძანდება
საყვარელი გაზაფხული.
მობრძანდება
გადახატულ
მინდვრებით და ქუჩებითა,
სამ თვეს უნდა იმუშაოს
უხილავი ფუნჯებითა.
სილამაზით
და სინაზით
მარტო თბილისს კი არ მოსავს,
საქართველოს დაამსგავსებს
მწვანე მთების კრიალოსანს.
სიხარული,
სიყვარული
ლანქერივით მოძალდება…
გზა დაუთმეთ,
კი არ მოდის,
გაზაფხული მობრძანდება!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება