ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს

ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს, – ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში, დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მათ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიურ განვითარებას მიესალმება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია, ხოლო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას, ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტააციის პროცესიც ადასტურებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო, დემოკრატიული, სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას და, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს იწვევს.

კომენტარის დატოვება