საბავშვო თეატრალური სტუდია „მაჩაბელა“ ფესტივალისთვის ემზადება (რეპორტაჟი)

მზიკო ვარდოშვილი

მაჩაბელას ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი უკვე მე-11 წელია იმართება. ფესტივალი საბავშვო თეატრის ხელმძღვანელმა მამუკა ლომაშვილმა დააასრა, თუმცა მაშინ „სახლი თეატრში“ ერქვა და მხოლოდ 2010 წლიდან გაიცნო საზოგადოებამ „მაჩაბელას“ სახელით.

წელს თეატრალურ ფესტივალს ათონელის თეატრი 25 , 26, და 27 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფესტივალზე სასაუბროდ საბავშვო სტუდია „მაჩაბელას“ ხალხური კულტურის ცენტრ “იმედში” ვესტუმრეთ.

ბავშვები რეპეტიციისთვის ემზადებიან. “მაჩაბელა” არის სხვადასხვა ასაკის ბავშვებისგან შემდგარი თეატრალური ჯგუფი. მათი ხელმძღვანელი როგორც უკვე გითხარით  მამუკა ლომაშვილია.

სცენაზე რეპეტიციაა, ვცდილობთ ჩუმად შევიდეთ და ხელი არ შევუშალოთ პატარა მსახიობებს. დარბაზში დავსხედით. ჩვენს ახლოს მამუკა ლომაშვილი და პედაგოგი თაკო აბაშიძე სხედან. სცენაზე ბავშვები სპექტაკლ „ჭინჭრაქას“ ერთ-ერთ ეპიზოდს გადიან.

ცოტა ხანში სტუდიის ერთ-ერთ პედაგოგს, მსახიობ თაკო აბაშიძეს გავესაუბრათ.

-როგორ მიმდინარეობს რეპეტიციები ?

-სულ ცოტა ხანია, რაც დავიწყე საბავშვო თეატრ “მაჩაბელაში” მოღვაწეობა, ბავშვებს ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ, რომ არიან ძალიან მონდომებულები,ორიენტირებულები იმაზე , რომ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია შეისრუტონ ჩვენგან. ზოგადად ძალიან კარგი ნაკადია ძალიან მონდომებული ბავშვები არიან და ძალიან ნიჭიერები, რაც ძალიან მახარებს იმიტომ, რომ კარგია ახალი კარგი თაობა თუ გვეყოლება.

-რთულია ასაკით პატარა ბავშვებთან მუშაობა ?

-გააჩნია ასაკს, რა საკვირველია, 3-4 წლის ბავშვებთან მუშაობა რთულია , თუმცაღა არსებობენ 9-10 წლის ასაკის რთული ბავშვებიც. განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევები ყველა ასაკში არის დასაშვები, თუმცა 6 წლის ასაკიდან უკვე მარტივად დასაშვები და ჩვეულებრივია, რომ მოვიდეს ბავშვი და იმუშაოს. მარტივია მისთვის უკვე ყველა დეტალის ათვისება, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ გადავცეთ ბავშვებს.

-როგორ ფიქრობთ მოეწონება მაურებელს სპექტაკლი?

-სამზადისი მიმდინარეობს აქტიურად. მამუკა მაქსიმალურად ჩართულია ბავშვებთან მუშაობაში, მეც რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. არ მიყვარს წინასწარ პროგნოზების გაკეთება როდის და როგორ მოესწრება ეს მაინც რესჟისორის პრეროგატივაა და მაინც მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა ნებისმიერ სისწრაფეში და აქტივობაში რათქმაუნდა მათ გვერდით ვარ, შესაბამისად, თუ საჭირო გახდება დამატებით სამუშაოსაც შევასრულებთ.

რეპეტიცია ისევ მიმდინარეობს, ბავშვებს ახლა ქორეოგრაფი ამეცადინებს და ჩართულები არიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.  მაინც მოვახერხეთ მათი აზრის გაგება ფესტივალთან დაკავშირებით.

12 წლის ლუკამ და ანამ ნათლად გამოხატეს , რომ ისინი კმაყოფილები არიან რეპეტიციების მსვლელობით, ასევე ძალიან მოსწონთ მასწავლებლები.ფესტივალს უცდიან მხიარული განწყობით და ცოტას ნერვიულობენ, რაც ბუნებრივია.

პატარა მსახიობებს და პედაგოგებს ხელი აღარ შევუშალეთ და ახლა ბავშვების მომლოდინე მშობლებთან გადავინაცვლეთ. როგორც აღმონდა პრემიერის მოლოდინში მშობლები უფრო ნერვიულობენ.

-რატომ „მაჩაბელა“? – ვკითხეთ მშობლებს, რაზეც გვიპსუხეს, რომ მათი შვილების ამ სტუდიაში მოყვანის მიზეზი არის ის, რომ ბავშვები იყვნენ საკმაოდ აქტიურები, აზრიანები, რადგან მამუკა ლომაშვილი მათ აზროვნებასაც და უნარ-ჩვევებსაც აჩვევს და  თავისუფალი დრო უფრო ნაყოფიერად იხარჯება.

როგორც გავიგეთ, სტუდიაში ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებულნი არიან პლასტიკით, მეტყველებით, სიმღერით და გარდა ამისა ისინი სწავლობენ რა არის თეატრი,მსახიობი,როლი,სცენარი, რაც მათ დაეხმარებათ ზოგადი განათლების ამაღლებაში.

ერთი სიტყვით, საბავშვო სტუდია „მაჩაბელა“ მზადების პროცესშია…

ფესტივალი „მაჩაბელა“ კი 25-26-27 ოქტომბერს ელის მაყურებელს…