“2 მილიონ 200 ათასი – ძალიან ფეშენებელური ვიზიტები გამოდის”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით იზრდება.  ადმინისტრაციას დამატებით 2 მილიონ 200 ათასი ლარი ვიზიტებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების ზრდა, გარკვეულ ეჭვს აჩენს არასამთავრობო ორგანიზაციებში და საზოგადოებაშიც.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ 2 მილიონ 200 ათასი ლარი 2019 წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში საგარეო ვიზიტებზე დასახარჯად წარმოუდგენლად დიდი თანხაა.

“ძირითადი აქცენტი გათვალისწინებულია საგარეო ვიზიტზე. წარმოუდგენელია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში 2 მილიონ 200 ათასის ვიზიტი განხორციელდეს. თუ ნამდვილად ვიზიტებზე დაიხარჯა ეს თანხა, ძალიან ფეშენებელური ვიზიტები გამოდის. ალბათ, სადმე სხვა პლანეტაზე უნდა მოხდეს ვიზიტი, რომ ამხელა თანხა გაიხარჯოს ბოლო ორ თვეში. სავარაუდოდ, აქ საუბარია ადმინისტრაციის წარმომადგენლობით ხარჯებზე, რომელზეც, ძირითადად, წავა ეს თანხა,”- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.