თუშური ენა გაქრობის წინაშე დგას – სოფელი დუმილს არღვევს…

თამარ ჯამარიშვილი

მოგეხსენებათ საქართველო გამორჩეულად ლამაზია და მრავალფეროვანი ,გვაქვს ულამაზესი კუთხეები და მათ შორისაა ექსტრემალური და თავგადასავლებით სავსე თუშეთი ,მისი მომხიბვლელი და მომნუსხველი ფლორა-ფაუნით ,ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ მიმოხილვა თუმცა აქ უნდა გავჩერდე და გითხრათ, რომ თუშებს აქვთ უნიკალური ენა ,რომლის შენარჩუნებაზე იბრძვიან ,მუხლჩაუხრელად მუშაობენ …

კახეთში, ერთ ლამაზ სოფელში, ზემო ალვანში, მოსახლეობის 80%-ი წოვათუში ცხოვრობს, აქედან ძალიან ბევრმა არ იცის ენა, რომელზეც მათი წინაპრები საუბრობდნენ და რომელიც არამარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიო საგანძურია.  ახლა ეს ენა გაქრობის წინაშე დგას და გამოსავლის ძიებაში თითქოს უკანასკნელ ძალებს იკრეფს. ამ ყველაფრის შემყურე გამოჩნდა ბატონი ლევან დურმიშხანიძე, რომელმაც შემოიკრიბა თანამოაზრეები, სოფლის გულშემატკივრები და ჩამოაყალიბეს “თუშების სათემო საბჭო”, მათ ამ გაერთიანებით სოფელი აახმაურეს და ჩვეული დუმილი დაარღვიეს , მათ დაიწყეს თითო აგურის დადება საქმით.

ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ ლევან დურმიშხანიძეს დავუკავშირდით.

-ბატონო ლევან, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე .  რა არის თუშური ენა და საიდან მოდის მისი ფესვები ?

– რთული კითხვაა, თუშური ენის ფესვებთან დაკავშირებით… თუშური ენა არქაული ენაა, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. დღეის მონაცემებით მასში გვხვდება ნახურის და ქართულის უძველესი ფენები. უამრავი თუშური სიტყვაა(ან ფუძეა)ქართულ ენაში შესული, რომლებიც თუშური ენის ცოდნის გარეშე ვერ აიხსნება. ამ თვალსაზრისით თუშური ენა ფასდაუდებელი საერთო ქართული საგანძურია.

-რა ორგანიზაციაა და ვინ არიან გაერთინებული ამ საბჭოში?

– თუშების სათემო საბჭო დაკომპლექტებულია რვავე თუშური საგვარეულოს ორ-ორი წარმომადგენლით, ჰყავს არჩეული თავმჯდომარე. ეს საბჭოს მაღალ ლეგიტიმაციას და რათქმაუნდა პასუხისმგებლობას ანიჭებს.

-რას გვეტყვით წევრებზე ,რამდენი კაციაგან შედგება და მთავარი იდეა რა არის ,რატომ გაერთიანდით?

– ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა რათქმაუნდა გამოვლენილი გვაქვს რამდენიმე მთავარი საკითხი (პრობლემა) და ამ მიმართულებებს ძალისხმევას არ ვაკლებთ. მაგალითად თუშური ენის გადარჩენის საკითხი, წოვათუშების ისტორიულ სოფლებამდე მისასვლელი გზის დღემდე არ არსებობა. ტბათანის აღორძინების საკითხი.

-რატომ ფიქრობთ რომ თუშური ენა საფრთხის წინაშეა და შველა სჭირდება ?

-სულ რაღაც 1980-90წლებამდე, ყველა წოვათუში გამართულად ფლობდა ენას, 1990-იანი წლებიდან წამოსულმა თაობამ კი თითქმის აღარ იცის (ერთეულების გამოკლებით). ის “მეთოდი”, რომლითაც აქამდე სწავლობდნენ თუშურ ენას (ოჯახში, ერთმანეთთან საუბრით) თანამედროვე პირობებში და გახსნილ საზოგადოებებში ვეღარ ამართლებს ამ ტემპით, ჩარევის გარეშე, თუშური ენა 40-50 წელში საერთოდ შეწყვეტს არსებობას. იარსებებს, მხოლოდ წიგნებში თუ ელექტრონული ფორმით. ჩარევაა საჭირო. ნორმალურ ვითარებაში მთელი ქვეყანა გვერდში უნდა დაგვდგომოდა, მაგრამ სამწუხარო რეალობა სხვაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას შევწყვეტთ და თუ ჩვენს ენას სიკვდილი უწერია ჩვენი თაობის წასვლასთან ერთად, მაშ ღირსეულად გავაცილოთ იგი, თუშური ენის მცოდნე “უკანასკნელმა მოჰიკნებმა”

 – რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარეთ აქამდე ,ენის გადასარჩენად და იგეგმება თუ არა სხვა პროექტებიც ?

–  პირველი, რაც ჩვენ შევძელით ( ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მადლობა მერიას!) ეს ზ. ალვანის #2 საბავშვო ბაღში თუშური ენის სწავლების დანერგვაა. ეს სწორი, თუმცა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ თუშური ენის სწავლების სკოლის პროგრამაში ჩასმასაც, აქ უკვე განათლების სამინისტროსთანაა მუშაობა საჭირო. ასევე გვაქვს “თუშური ენის სახლის” ორგანიზების იდეა.

– რას ეტყვით განათლების სამინისტროს ,რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში ენის სწავლა ?

-თავს არ ვიტყუებთ და არც სხვებს მოვატყუებთ. მხოლოდ სკოლაში სწავლებით ენას ვერ გადავარჩენთ, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი იქნება ენის შენარჩუნების საქმეში. აკადემიური გარემო და ენის შესწავლის პრაქტიკული საჭიროება ის აუცილებელი ელმენტებია, რომლებსაც ბავშვები სხვა გარემოში ვერ მიიღებენ. მიგვაჩნია, რომ სკოლაში ენის სწავლების დაწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თუშური ენის გადარჩენის საქმეში.

-მადლობა და წარმატებას გისურვებთ.