„ უნდა გვქონდეს ამბიცია და რწმენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები“

სტრატეგია “აღმაშენებლის” ფარგლებში ფილარმონიის “ივენთ ჰოლში” პირველი თემატური პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციული შეხვედრა, რომელსაც ექსპერტები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა სტრატეგიის იდეის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ და “ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, თამთა შამათავამ გახსნეს.

როგორც შამათავა აღნიშნავს, ის გეგმები რაც მათ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება.

“რა თქმა უნდა ამ პროექტის განხორციელება გამოგვივა რადგან ამის ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არსებულ რესურსებს ვერ ვიყენებთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ თითოეული ოჯახის შემოსავალი. ამის ნათელი მაგალითია სლოვაკეთი. სლოვაკეთს ხაზს იმიტომ ვუსვამ რომ ჩვენს ქვეყანას მასთან ბევრი რამ აქვს საერთო. თუ 5 მილიონიანმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ მიეღწია წარმატებისთვის და არის პირველი ავტომობილების წარმოებით მსოფლიოში, არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა რისი ერთ ერთი მთავარი ფაქტორია ინდუსტრიული პარკები, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ?! დიახ! ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია და რწმენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები” – განაცხადა თამთა შამათავამ.

შეგახსენებთ, რომ სტრატეგია “აღმაშენებლის” გუნდი საზოგადოებას ქვეყნის განვითარების თემატურ პრეზენტაციებს ყოველკვირეულად წარუდგენს.