“ერთი პარლამენტარი პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ მათი მოგვარებისთვის ბრძოლას შეძლებს!”

დავით ფერაძე

დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი

    -‘საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ერთი პარლამენტარი პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ მათი მოგვარებისთვის ბრძოლას შეძლებს და ეს მისი მოვალეობაა. ეს არის ჯვარი, რომლის ღირსეული ტვირთვით და უფლის წყალობით საბოლოო გამარჯვება თუ არა, მასთან მიახლოება შეიძლება. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიზანიც სწორედ ესაა – შეუჩერებელი ბრძოლა. მოსახლეობასთან მრავალმხრივი კომუნიკაციის გზით დიდუბის მოსახლეობაში გამოიკვეთა როგორც ლოკალური, ისე სახელმწიფოებრივი საკვანძო პრობლემები:

  1. საერთო განათლების პრობლემა. ერთ სულზე გაანგარიშებით ქვეყანას ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი დიპლომირებული სპეციალისტი, თუმცა, ქვეყანაში არის ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე. ეს მაჩვენებელი მეტყველებს განათლების სისტემის არაკვალიფიციურობასა და არაეფექტურობაზე, რაც გამოწვეულია კორუმპირებული ბიუროკრატიული აპარატის  – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არსებობით.  უნდა დადგეს მისი რეორგანიზაციის ან გაუქმების საკითხი;
  2. პედაგოგის პრობლემა. ამ პრიორიტეტულ პრობლემაზე არსებობს კანდიდატის დაწვრილებითი პროგრამა. აქ მოკლედ მივუთითებთ, რომ პედაგოგის საბაზო ხელფასი უნდა გახდეს მინიმუმ 1000 ლარი, უნდა გაუქმდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  მავნებლური სქემა, რომელიც  მთავრობას აძლევს საშუალებას მინიმალური ხელფასის ზრდა გადაავადოს განუსაზღვრელი ვადით. ყველა პედაგოგს 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაეცეს პირადი კომპიუტერი, როგორც სასწავლო რესურსი;
  3. მოსწავლეებისა და მშობლების პრობლემა. უნდა გათანაბრდეს კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინასება, უნდა ამოქმედდეს მშობელთა სოციალური სოლიდარობის პრობლემა. მშობლებს, ნახმარი, დახეული და დაინფიცირებული წიგნების ნაცვლად უნდა გადაეცეს სასწავლო ვაუჩერი, რითაც თავად შეძლებენ როგორც წიგნის, ისე ჩანთის და სხვა საჭირო ნივთების შეძენას მაღაზიებში და არა სკოლებში;
  4. საეკლესიო პრობლემა. ძალზედ მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ეკლესიის ახალგაზრდა სასულიერო პირთა ხელშეწყობა, მზარდი მადისკრედიტირებელი კამპანიისგან მათი დაცვა, მათი ხმის მიტანა საკანონმდებლო ორგანოში, მათთვის მხარდაჭერა მოზარდებისა და ახალგაზრდების სულიერი აღზრდისთვის  პარლამენტის წევრს უნდა ჰქონდეს სასულიერო პირებთან რეგულარული კონტაქტი.  მართლმადიდებლური ტოლერანტობიდან გამომდინარე გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა კონფესიების წარმომადგენელთა უფლებები და მათი ხედვა სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე;
  5. ეკოლოგიური პრობლემა. დიდუბეში ისევე, როგორც მთელ დედაქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, რაც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების და მწვანე ნარგავების უკიდურესი დეფიციტის გამო. ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ეკოლოგიის შესახებ კანონის მიღებით, რომლითაც სავალდებულო გახდება ქალაქის განსაზღვურლ მონაკვეთზე   შესაბამისი ეკოლოგიური ფართის არსებობა (სკვერები, ბაღები, გაზონები, ტყე-პარკი…) ეკოლოგიური ზონების მოწყობის მიზნით, დიდუბის ძველი ბარაკები  და იტალიური ეზოები უნდა გამოისყიდოს  მერიამ. შესაბამისი კანონპროექტი მზადაა;
  6. ტრანსპორტის პარკირების პრობლემა. დიდუბეში მწვავედ დგას მანქანების პარკირების პრობლემა,  მისი უსწრაფესი გადაწყვეტა შესაძლებელია საკანონმდებლო შეღავათების შემოღებით და მერიის მიერ პარკირების მშენებლობის ხელშეწყობით, დაინტერესებულ ინვესტიციებს ფართი  უფასოდ უნდა გადაეცეთ. გამარჯვების შემთხვევაში ვიბრძოლებთ დიდუბეში საჭირო რაოდენობის პარკინგის მშენებლობისთვის!
  7. „ტაქსისტების“ პრობლემა. ქვეყანაში უმუშევრობისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მრავალი მოქალაქე,  მათ შორის დიდუბელები, „ტაქსისტობით“ არჩენენ ოჯახს.  გამარჯვების შემთხვევაში  პარლამენტში
    შევა კანონპროექტი,  რომლითაც აიკრძალება მსხვილი ტაქსოკომპანიების მზარდი მონოპოლია. ასეთმა კანონმა უნდა იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.  ჩვენი მხრიდან ეს იქნება სოციალური სოლიდარობის აქტი ტაქსის მძღოლებისა და მათი ოჯახების მიმართ;
  8. მაღალი მშენებლობების აკრძალვა. დიდუბეში მაღალი მშენებლობის პრობლემა, იწვევს ტერიტორიის გადატვირთვას,  კანალიზაცია-წყალმომარაგების დეფიციტს, სივრცე-ხედის დაკარგვას, რითაც კიდევ უფრო უარესდება  მოქალაქეთა მდგომარეობა; ეს პრობლემა უნდა დაარეგულიროს კანონმა,  რომლითაც მჭიდრო განაშენიანების ზონებში უნდა აიკრძალოს ექვს სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა. ამ პრობლემაზე პარლამენტში წარდგება შესაბამისი კანონპროექტი;
  9. იპოთეკით დაზარალებულები. შემუშავდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უნდა გაუქმდეს იპოთეკით დაზარალებულთა უძრავი ქონების გაყიდვა, უნდა გადავადდეს სესხების დაფარვის პერიოდი. სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქეები უსახლკარობისაგან;
  10. ექიმების პრობლემა. ექიმების შრომა დღემდე დაუფასებელია. სახელმწიფო კლინიკებში მომუშავე ექიმთა მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1500 ლარი; ეს პრობლემა უმწვავესად დაისმევა მთავრობის წინაშე;
  11. თვითმართველობის განვითარება. თვითმმართველობებს  უნდა მიეცეს ბერკეტები ადგილობრივი ბიზნესის წასახალისებლად, ამისთვის საჭიროა გადაიხედოს ქვეყნის საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მმართველობის რეალური დეცენტრალიზაცია;
  12. პენსიონერების პრობლემა. აქტიურად დავუჭერთ მხარს პენსიონერთა სახლების შექმნას მათ შორის დიდუბეში, რომლებიც იზრუნებენ პენსიონერთა ჯანმრთელობაზე (დიაგნოსტიკა, გართობა, ექსკურსიები) მსუბუქი ფორმის დასაქმებაზე!
  13. ახალგაზრდების პრობლემა. ამ სფეროში იქნება მრავალმხრივი მიდგომა. პარლამენტის წევრმა უნდა იკონტაქტოს ახლაგაზრდულ ჯგუფებში. ახალგაზრდებთან ერთად შემუშავდება პროექტები. უნდა წახალისდე ყველა იდეა, განსაკუთრებული დახმარება უნდა გაეწიოს სოციალური საწარმოების  შექმნას”.

 

კომენტარის დატოვება