რისთვის მკლავ! (როცა საუბარი შეგვიძლია!) – დანაშაული გენდერული ნიშნით…

თამთა მეგრელიშვილი  

იურისტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.

საქართველოში ქალთა მკვლელობები ძალადობის ახალ ტენდენციად იქცა. სახალხო დამცველის 2015 წლის  საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 26 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, 2014 წელს, წლის განმავლობაში 33 ქალი იქნა მოკლული ანუ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის   მცდელობის რიცხვმა ორივე წლის მონაცემებით  60 -ს გადააჭარბა! სავალალო სტატისტიკაა და მინდა გესაუბროთ დანაშაულზე გენდერის ნიშნით.

დაბადებიდანვე ბავშვი განეკუთვნება ბიოლოგიურ კატეგორიას – სქესს, შესაბამისად მდედრობითს ან მამრობითს.

ბიჭებისა და გოგონების ფსიქიკის განსხვავება იმდენად თვალსაჩინოა, რომ სიცოცხლის პირველსავე წელს ვლინდება ისეთი რთული ქმედებისას, როგორიცაა თამაში,  ისინი სხვადასხვანაერად რეაგირებენ ოჯახის წევრების, შემდეგ უკვე საზოგადოების მხრიდან მათი საქმიანობის შეფასებაზე.

იკვეთება, რომ აღზრდისას, მათ ჩამოყალიბებაზე, დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, ოჯახში და საზოგადოებაში დამკვიდრებული კულტურული და ისტორიული ფაქტორები. იღებენ რა  სხვადასხვანაირ გამოცდილებას, აღზრდას, საბოლოო ჯამში  უყალიბდებათ ცხოვრების სტილი, მიზნები, ფუნქციები და როლი.

კვლევებმა ცხადყო, რომ საზოგადოებაში სადაც მამაკაცს უფლება აქვს აღიაროს შიში,ძალადობის დონე საკმაოდ დაბალია იმ საზოგადოებისაგან განსხვავებით, სადაც მას კულინური სიყოჩაღე, ძალის პოზირება, შიშის უარყოფა მასკულინობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი და ხშირად დომინანტური როლის განმსაზღვრელია.

ძალადობა ესაა ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების  წინასწარგამიზნული გამოყენება, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს(ან არსებობს ამის დიდი ალბათობა)სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს, ანუ ძალადობა შესაძლოა იყოს: ფსიქოლოგიური, იურიდიული და სოციალური.

საინტერესოა რა განსხვავებაა ქალის მიერ გამოვლენილ ძალადობასა და მამაკაცის მიერ გამოვლენილ ძალადობას შორის,ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ  ქალის  მიერ გამოვლენილი ძალადობა ხშირად თავდაცვითი ხასიათისაა, მამაკაცებისა კი თავდასხმითი, თუმცა  არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა კაცი მოძალადეა და ყველა ქალი უცოდველი კრავია.

თუმცა საზოგადოებაში, სადაც დამნაშავე კაცთა რიცხვი მაღალია,როგორც წესი მაღალია დამნაშავე ქალთა რიცხვიც, რაც სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის  შეუმჩნეველი რჩება.

მაგალითად არის შემთხვევები როცა  დედები გაუაზრებლად თუ გააზრებულად ძალადობენ საკუთარ შვილებზე,ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმით, რაც კონტროლის მიღმა რჩება, ილექება ბავშვის ქვეცნობიერში უმწეობისა და შიშის ფორმით და გარკვეული ეტაპის შემდეგ თავის გამოძახილს  აუცილებლად ჰპოვებს.

საინტერესოა ის ფაქტიც,  რომ ქალები ჩადენილ დანაშაულს ხშირ შემთხვევაში ამართლებენ როგორც რაციონალურ არჩევანს. (სხვა გამოსავალი არ მქონდას კონტექსტში)

მამაკაცების უმრავლესობა კი  დანაშაულის ჩადენის განმაპირობებელ ნიშნად მიზნის მიღწევას ასახელებს.

საბოლოო ჯამში სურათი ასეთია-კაცი ძალადობს ქაზე, ქალი ძალადობს შვილზე, შვილი შექმნის ოჯახს და დიდი რისკია, რომ იძალადებს ცოლზე  ანუ სახეზეა ერთგავრი მულტიპლიკაციური  ეფექტი.

ჩემი აზრით ძალადობის მიზეზი ეს არის იერარქიული სისტემა, რომელიც შექმნილია საზოგადოების ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროში და ჰქმნის მამაკაცის დომინანტურ და ქალის დაქვემდებარებულ პოზიციას.

ასევე ქვეყანაში შექმნილი მძიმე  სოციალური და ეკონომიკური ფონი, რომელიც ხელს უშლის მამაკაცს შეასრულოს “ საქართველოში “ მისთვის ორგანული როლი “შემომტანისა”, რაც  აისახება მის ფსიქიკაზე და გამოიხატება აგრესიაში საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. ამასთან საერთაშორისო ბაზარზე   დღითი-დღე მოთხოვნადი ხდება  დაბალი რანგის სამუშაოს  შემსრულებელი ადამიანები, ქალებმა, რომელთა უმრავლესობაც უმაღლესი განათლების მქონეა, თავის თავზე აიღეს ამ ტიპის სამუშაოები და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე მოიპოვეს ოჯახის მარჩენალის სტატუსი. სახეზეა ორი უკიდეურესობა – ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მხარე და გარემო მთლიანად დატვირთულია ნეგატიური ფაქტორებით და არ ბალანსდება დადებითით, დედას წაერთვა უფლება იყოს დედა, მოუაროს, აღზარდოს საკუთარი შვილი, შემდეგ უკვე შვილიშვილი ან უბრალოდ საკუთარ მეუღლესთან ერთად იცხოვროს მშვიდად, თავს სწირავს და  უვლის სხვას, აქ დარჩენილი მეუღლე  კი  ხშირ შემთხვევაში შემგუებელი ხდება და ზოგჯერ სიამაყითაც კი ელოდება მეუღლის მიერ გადმოგზავნილ “ფულს”, ანუ  პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რეალურად იშლება ოჯახის ერთიანობის ინსტიტუტი რაც გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკასა და ჯანსაღ განვითარებაზე.

მე მინდა ჩემი უდიდესი პატივისცემა დავაფიქსირო ყველა იმ ემიგრანტის მიმართ, რომლებიც თავს სწირავენ შვილების, შვილიშვილებისა და ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ოჯახს სჭირდება ქალი! შვილებს – დედა! ქმარს – მეუღლე! და მე, როგორც რიგითი მოქალაქე, თავს ვთვლი ვალდებულად თქვენთან ერთად შევქმნა  სათანადო გარემო, რომ დავიბრუნოთ დედები, მამაები, ნათესავები! საქართველოდან წასული ადამიანები! აღვადგინოთ ოჯახები,სწორად გადავინაწილოთ ჩვენი წილი ვალდებულებები და ერთიანი ძალით ვეცადოთ სათანადო გარემოში ავღზარდოთ ჩვენი შვილები სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით.

მე არ  მაქვს ილუზია, რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება მთლიანად გამორიცხავს ამ ტიპის ძალადობას სხვადასხვა ფორმით, ეს საკითხები უფრო ღრმად უნდა იქნეს შესწავლილი და გაანალიზებული, მაგრამ იმედია ამ მცირე სტატიით დაგანახეთ ის თითქოს უმნიშვნელო ასპექტები, რომლებიც საბოლოო ჯამში ბუმერანივით უბრუნდება საზოგადოებას გახშირებული თავდასხმებით, მკვლელობებითა თუ ძალადობის ფორმით.

იქ, სადაც ქალია, უფრო მეტად ფიქრობენ ბავშვთა უფლებებზე! თანასწორი გარემოს შექმნასა და მშვიდობაზე!”

 

 

კომენტარის დატოვება