აფეთქების ფაქტზე, გულგრილობისთვის ბრალდებულებს 4 -4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბრალდებულები ვ.მ. და თ.ტ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დღის საათებში, თბილისში, ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა, ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთი შეტყობინება განახორციელეს ლიცენზიატი კომპანიის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ცენტრში. აღნიშნული კომპანიიდან შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ სწრაფი რეაგირების ჯგუფის ოსტატი ვ.მ. და ამავე ჯგუფის ზეინკალი – თ.ტ, რომლებსაც კორპუსის მცხოვრებლებმა განუმარტეს პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში ბუნებრივი აირის ჭარბი რაოდენიბით არსებობის შესახებ. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ განახორციელეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათზე დაკისრებული ვალდებულება, სრულყოფილად შეემოწმებინათ, როგორც მთლიანი სადარბაზო,  ასევე თითოეულ სართულზე არსებული ყველა საცხოვრებელი ბინა, ლიფტის შახტა და სათავსო.

ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა, შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. ვ.მ-მ და თ.ტ-მ ზედაპირული დაკვირვებისა და სართულების შერჩევითი შემოწმების შედეგად  ვერ აღმოაჩინეს რაიმე სახის დარღვევა, რის თაობაზეც შეადგინეს შესაბამისი ოქმი. მიუხედავად კორპუსის მცხოვრებლების არაერთი განმარტებისა, რომ პირველ სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში კვლავ იგრძნობოდა ბუნებრივი აირის სუნი, ვ.მ-მ და თ.ტ-მ არ გაითვალისწინეს შესაძლო მძიმე შედეგის დადგომა და მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.  დაახლოებით ორ საათში კი, გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, რამაც ავთანდილის ქუჩის N8-ში მდებარე კორპუსის ნგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.მ. და თ.ტ.  2019 წლის 18 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ორივეს  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.მ. და თ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.