მამუკა ახვლედიანი: საზოგადოებისთვის ბევრ რამეს გავხდი ცნობილს!

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ბევრი პრინციპული საქმე განიხილეს და მოსამართლეები ყოველთვის გრძნობდნენ მის მხარდაჭერას. მისივე თქმით, დღეს საქალაქო სასამართლოში ბევრი ისეთი მოხელეა, რომელიც არ იმსახურებს მანტიას.

ახვლედიანის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა მას აღადგენენ თუ არა სასამართლოში, რადგან ის ამ ტიპის სისტემაში მუშაობას არ აპირებს:

“ტურავა-გვენეტაძის ტანდემი თქვენ წარსულიდან კარგად გახსოვთ და ალბათ დღესაც მიმდინარეობს და ამით ცდილობს გვენეტაძე გარკვეული პოზიცია შეინარჩუნოს სასამართლო სისტემაში, ვინაიდან მას არავითარი, თავისი ხმაც კი არ აქვს სასამართლო სისტემაში. აქ მთელი უბედურება არ არის კლანებზე, ერთი ადამიანით მეტი იქნება თუ ნაკლები. აქ არის სისტემური პრობლემა.

დღეს მიმდინარე პროცესზე აღმადგენენ თუ არა სასამართლოში, ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე ნამდვილად არ ვაპირებ ამ ტიპის სისტემაში მუშაობას. მთელი პრობლემა არის სისტემურ ხედვაში, ამით აჩვენეს მოსამართლეებს, რომ ნებისმიერი საუბარი პრობლემებზე იქნება დასჯილი ასეთი ფორმით. ცერცვაძე ჩინჩალაძის კლანმა აჩვენა საზოგადოებას თავის ძალა“ – განაცხადა  ახვლედიანმა.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როცა არა მარტო თვითონ, არამედ მისი ოჯახის წევრებიც ხდებოდნენ ზეწოლის მსხვერპლი.

 -„რა სამართალზე უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში, როცა თავად მოსამართლეზე ხდება ზეწოლა! მე ბევრ რამეს გავხდი საზოგადოებისთვის ცნობილს და ბევრ რამეს გამოვააშკარავებ! მე დღემდე ვერ დავინახე ხელისუფლება, რომელსაც სამართალი ესმის, ვდებ პირობას, რომ როცა სახელმწიფოს ნება იქნება, კონკრეტულ გვარებს დავასახელებ“-განაცხადა ახვლედიანმა. 

კომენტარის დატოვება