გაცოცხლებული თბილისური ეპიზოდები N75 ბაგა-ბაღში

N75 ბაგა-ბაღში თბილისური ეპიზოდები გააცოცხლეს. ღონისძიებაში, სახელწოდებით „მადლობა თბილისზე ზრუნვისთვის“, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებმა, რომლებმაც ცნობილი ქართული ფილმებიდან და სპექტაკლებიდან პოპულარული სცენები გაითამაშეს. ბაღის ეზოში თბილისური დეკორაციები მოაწყვეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანებისადმი, ვინც თბილისის სისუფთავესა და სილამაზეზე ყოველდღე ზრუნავს. ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ ამ მიზნით, მათი უბნის მეეზოვეები, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები – მზია წურწუმია და ირაკლი ჭუმბურიძე მოიწვია და მათ მადლობის სიგელები გადასცა.

„დღევანდელი ღონისძიება იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბავშვების შესაძლებლობები უსაზღვროა, ხოლო ჩვენი პერსონალის, ჩვენი აღმზრდელების ენთუზიაზმი – შეუფასებელი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ასევე ჩვენი აღსაზრდელების მშობლებს ჩართულობისათვის, რადგან სწორედ ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა,“ – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

საბავშვო ბაღის ღონისძიებას ესწრებოდნენ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე ბიძინა ჩიკვილაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლები და ვაკის რაიონის ბაღების დირექტორები. სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაზე მოიწვიეს 2019 წლის საპატიო თბილისელი მეია მეგრელიშვილი.