მადლობა! – მე-15 ბაღმა დამსახურებულ აღმზრდელს გაცილების ღონისძიება მოუწყო

თბილისის N15 საჯარო ბაგა-ბაღის ღვაწლმოსილ აღმზრდელს, ვიოლეტა ჭუმბაძეს ბაღის ადმინისტრაციამ და კოლეგებმა გაცილების ღონისძიება მოუწყვეს.

https://www.youtube.com/watch?v=ydb-S9s6XXY&feature=youtu.be

ვიოლეტა ჭუმბაძე სკოლამდელი აღზრდის სისტემაში 1962 წლიდან მუშაობდა და ამ პერიოდში არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ, ყოფილ საკავშირო დონეზე. დამსახურებულმა აღმზრდელმა 79 წლის ასაკში თავად გადაწყვიტა განათლების სფეროდან წასვლა, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ კი მას ემოციური შეხვედრა მოუწყო, რომელზეც სტუმრად მოიწვიეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და ამავე ბაღის ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც ბაღისა და ქალბატონი ვიოლეტას წარსულიდან ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენეს.

N15 ბაღი 2014 წლამდე „საქართველოს რკინიგზის“ დაქვემდებარებაში მყოფი საბაზო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება იყო და მხოლოდ 5 წლის წინ გადავიდა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სწორედ ამიტომ, მოწვეულ სტუმრებს შორის იყო „საქართველოს რკინიგზის“ ადამიანური რესურსებისა მართვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ლელა კეკუა.

თბილისი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და ბაგა-ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ დამსახურებულ აღმზრდელს სამახსოვრო სიგელები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.