განუმეორებელი ვერიკო „როგორც გაცოცხლებული ქართული ფრესკა” – დღის იუბილარი

ქართული სცენის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ვერიკო ანჯაფარიძე დღეს იუბილარია. უძლიერესი მსახიობი  1900 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ პატარა ვერიკოს სამუდამოდ დაამახსოვრდა დიდი აკაკის სიტყვები: “შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში. კარგად დაიმახსოვრე.”

ვერიკო ანჯაფარიძე ძირითადად იყო ტრაგიკულ-დრამატული ჟანრის მსახიობი, გამოირჩეოდა საოცარი სცენური მომხიბვლელობით, მეტყველი საშუალებების სიუხვით. მის მიერ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სახეებს ახასიათებდა მაღალი პათეტიკურობა, უდიდესი ლირიზმი, უშუალობა, სცენური ნახაზის მკაფიობა, დიდი კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა.

1454152197

ვერიკო ანჯაფარიძის შემოქმედებას დიდ შეფასებას აძლევდნენ ცნობილი საზოგადო და ხელოვნების მოღვაწენი. კოტე მარჯანიშვილი მას ადარებდა მუსიკის იმ მელოდიას, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.
ვერიკო ანჯაფარიძის ხელოვნება დიდებულია და სადა-“ როგორც გაცოცხლებული ქართული ფრესკა” – გიორგი ტოვსტონოგოვი.
,,მისი თამაშის სილამაზე განსაცვიფრებელია, ეს თამაში არაჩვეულებრივად რეალისტურია და ამავე დროს, ამაღლებული “ -ელეფთერ ანდრონიკაშვილი. ,,ვერიკოს თვალები მისი სულის სარკეა ეს თვალები მის უდიდეს ნიჭს ასხივებს” – ელენე ახვლედიანი.

ვერიკო მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. ეწეოდა რეჟისორულ მოღვაწეობას. ვერიკო ანჯაფარიძე გარდაიცვალა 1987 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარის დატოვება