“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების დატოვება გირჩს აღარ შეეძლება.

GMTV ზვიად ტომარეძეს დაუკავშირდა:

-დიახ, პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების დატოვება გირჩს აღარ შეეძლებოდა. თუმცა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღვნიშნე, რომ წვევამდელთა გაწვევის სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრამდე, პარლამენტს წვევამდელთა გაწვევაზე მორატორიუმი დაეწესებინა. თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონპროექტი მასაც ჰქონდა წარდგენილი და კონფესიებთან კონსულტაციის შედეგად საკუთარ ინიციატივა გააჩერა!!! ანუ რა გამოდის, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე მაღლა, კონფესიების აზრს აყენებს? კომიტეტმა კენჭი უყარა კანონპროექტს და როგორც მოსალოდნელი იყო წინააღმდეგ მისცა ხმა! ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!

დღევანდელი ჩემი სიტყვით გამოსვლის ტექსტი:

“წარმოგიდგენთ ცვლილებებს საქართველოს კანონში: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. 2017 წლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემა. კერძოდ, კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც მღვდელთმსახურს აძლევდა უფლებას ესარგებლა გადავადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერად, რაც გამოიხატა ფსევდორელიგიური ორგანიზაციის შექმნაში, მასში მატერიალური სარგებლის მიზნით წვევამდელთა გაწევრიანებაში და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ხელოვნურად დასუსტებაში.კანონში მღვდელთმსახურისთვის გადავადების უფლების გაუქმება, არ იქნება მიმართული რელიგიური კონფესიების წინააღმდეგ, ვინაიდან 27 წლამდე სასულიერო პირი დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ორგანიზაცია გირჩს საფუძველში შეგვიძლია დავეთანხმოთ, რომ წვევამდელთა სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, რეალურად ხდება წვევამდელების სხვადასხვა არასამხედრო ობიექტებზე ყარაულებად გამწესება და აქედან გამომდინარე, ძნელია არსებულ სისტემას სამხედრო სამსახური ვუწოდოთ. თუმცა ვერ დავეთანხმებით ქმედებაში, რადგან პრობლემის მოგვარება უარესი პრობლემის გაჩენით არ გვარდება. ჩვენი სახელმწიფო მუდმივად განიცდის ჩრდილოელი მეზობლის აგრესიას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და სამეზობლო. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს უფლება გვქონდეს სუსტი თავდაცვისუნარიანობა. საქართველოს გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე ქართული ჯარი უპირველეს ყოვლისა უნდა პასუხობდეს ლოკალურ თავდაცვით ამოცანებს, უნდა გამოირჩეოდეს მაღალი თავდაცვისუნარიანობით და იყოს მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე ორიენტირებული.არსებული წვევამდელთა გაწვევის სისტემა კი ვერ პასუხობს ზემოთაღნიშნულ ამოცანებს. სავალდებულო სამსახურში უნდა იმსახუროს ყველა ბრძოლისუნარიანმა მამაკაცმა, მათ შორის ფულიანმაც და ჩინოვნიკის შვილმაც.ჯარში სამსახური მამაკაცისთვის უნდა გახდეს საამაყო და მასში არწასვლა კი სირცხვლი! ჩვენ არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება, არსებობს შვეიცარიის მაგალითი და შეგვიძლია გადმოვიღოთ. ვინაიდან ახალი თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი პირველი ამოცანა წვევამდელთა
გაწვევის სისტემის მოგვარებაა, მე გთავაზობთ: იქამდე, სანამ მოგვარდება არსებული პრობლემები, პარლამენტმა წვევამდელთა გაწვევაზე, დააწესოს მორატორიუმი”.

-რამდენადაც ვიცით, თქვენ სხდომაზე მიწვეული არ იყავით…

-სხდომაზე მიწვეული არ ვიყავი, ამის ვალდებულება კანონში ცვლილებების შედეგად 2018 წლიდან მოიხსნეს, მაგრამ მაინც მივედი… ისე ხომ მაგრად მოირგეს კანონები? ეს იგივეა, მაგალითად კანის ფესტივალზე, ფილმის ჩვენებაზე რეჟისორი რომ არ დაპატიჟონ…