“უკანონო ბორდერიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“

გიგი წერეთელი

საქართველოში უკანონო ბორდერიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე   მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა,  ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე 57 მონაწილე ქვეყნის დიპლომატებს  სიტყვით მიმართა. გიგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად კონფლიქტების მოგვარების გზებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ   ბოლო 30 წლის განმავლობაში,  ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, ეუთოს სივრცეში უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით ფუნდამენტალური ცვლილებები მოხდა, ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრების გაგრძელება კვლავაც ტურბულენტურ და არამდგრად გარემოში უწევთ.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის დღევანდელი რეალობა: ყოფილ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ზრდა, ომები ჩვენს კონტინენტზე, ეუთოს ბევრ რეგიონში შეუსრულებელი ვალდებულებები, საერთაშორისო აღიარებული ნორმების და პრინციპების უხეშად დარღვევის ფაქტები,  არალიბერალური და ანტიდემოკრატიული ტენდენციების განახლება. ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი უარს აცხადებს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობაზე და ყოველივე ეს ცალმხრივი, ეგოისტური მოქმედებებით და უთანასწორო, არა პარტნიორული დამოკიდებულებით გამოიხატება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლისას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკრაინისა და ყარაბაღის კონფლიქტებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო.

„საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრების უკანონო გავლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკანონობად  და შეთანხმების მკაფიო დარღვევად ფასდება. ბოლო სავალალო შედეგი, რაც ამ არალეგიტიმურმა  ქმედებებმა გამოიწვია, საქართველოს მოქალაქის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაა, რომელსაც რუსეთის მიერ კონტროლირებად ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის დახურვის გამო, მისი ოჯახის წევრებს ავადმყოფის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ მიეცათ. შედეგად, იგი ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, მოვუწოდებთ,  ვგმობთ, თუმცა,   ვითარება უფრო მძიმდება” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ასევე საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა.  მისი გამოსვლის საპასუხოდ განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის, აშშ, შვეიცარიის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქეთის საელჩოების მხრიდან.