“ეს ფილმი ჩემთვის მიუღებელია, არ ვუყურებ და არ მომწონს, რომ აფიშირება ხდება…”

თინა მარსაგიშვილი

სულ რამდენიმე საათში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართება. უკვე არსებული ინფორმაციით  დაგეგმილია ფილმის ჩვენების ჩაშლა.

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ „პროგრესული თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გიორგი ქაჯაია გვესტუმრა.

როგორც ახალგაზრდა, ახალი თაობის წარმომადგენელი, რას ფიქრობ დღევანდელ დღეზე, 20:00 საათზე არის ფილმის პრემიერა. 5 კინო-თეატრში ბილეთები უკვე გაყიდულია, ვიცით ისიც, რომ დაგეგმილია ჩვენების ჩაშლა „ქართული მარშის“და ლევან ვასაძის მიერ. როგორ ფიქრობ, რა მოხდება? იქნება თუ არა დაძაბულობა?

– ამ ფილმის მიღება ნებისმიერი ქრისტიანი ადამიანისთვის და ზოგადად ისეთი ადამიანისთვის, ვისაც რაღაც ღირებულებები და თავისი სულიერი მდგომარეობა ადარდებს, მიუღებლად მიმაჩნია, რადგან ეს არის სოდომური ცოდვის ტირაჟირება. ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, თუ რატომ მოახდინა ქართულმა კინო-თეატრებმა ამ ფილმის ჩვენების დაშვება.

რაც შეეხება კონტრაქციას, როგორც ვასაძის, ისე „ქართული მარშის“, მაშინ სად იყვნენ, როცა 20 ივნისს ქართველი ახალგაზრდები დაარბიეს პარლამენტთან. ვასაძე რომ კანონის ყველანაირი ჩარჩოებიდან გამოდის, ეს არავისთვის არ არის უცხო. სად იყვნენ ვასაძე ან „ქართული მარში“ მაშინ, როცა ქართველ ახალგაზრდებს ესროდნენ? ალბათ კომბლებით ბუჩქებში იმალებოდნენ.

ამ ბოლო პერიოდში ეკლესიაზე ხორციელდება ბევრი ბინძური თავდასხმა, ჩვენს პატრიარქზე ვრცელდება უხამსი ჭორები…

ანუ ამ ფილმის ახლა გაშვება ისევ საპატრიარქოზე დარტყმად მიგაჩნია?

-საპატრიარქოს ვერაფერი დაარტყამს იმ ადამიანების თვალში, რომლებსაც ქრისტე უყვართ და რწმენაში არიან გამყარებულნი, იმათზე, ვისაც ჩვენი პატრიარქი უყვარს და სულიერად არის განმტკიცებული. ეს ფილმი რწმენაში ჩამოუყალიბებელ და მეტ-ნაკლებად გარკვეულ ადამიანებს დააბრკოლებს. ამიტომაც ვარ შეშფოთებული იმის გამო, რატომ ახდენენ კინო-თეატრები პროპაგანდას.

რაც შეეხება საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ეს არის ბოროტი ძალების მართული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პატრიარქის და ჩვენი სარწმუნოების დისკრედიტაციას. ეს არ გამოუვათ სანამ ქართული საზოგადოება საღ აზრზეა და პატრიარქი ჯანმრთელადაა.

-ფილმმა აღიარება ჰპოვა საზღვრებს გარეთ და აქაც არაერთი ანალოგიური შინაარსის ფილმი გასულა კინო-თეატრებში, მაშინ არ გქონიათ პროტესტი, ახლა აშკარად გეტყობა, რომ მაინც გაქვს პროტესტი, რატომ? იმიტომ, რომ ფილმია ქართული და მსახიობებიც ქართველები არიან?

-ყველას აქვს ფილმის ჩვენების, აზრის დაფიქსირების და კონტრაქციის უფლება, ყველას აქვს უფლება და ვერავინ ვერავის ვერანაირ შეზღუდვებს ვერ დაუწესებს, პირადად მე არანაირი პროტესტი არ მაქვს, უბრალოდ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის მიუღებელია და არც კი ვუყურებ. წარმოიდგინეთ და არც დავინტერესებულვარ.

-და არც უყურებთ თუნდაც ინტერესის გამო ინტერნეტში?

-არა, ნამდვილად არ ვუყურებ.

-მოდი და მოხდა ისე, რომ მიიღო ოსკარი, მაშინ რას იტყვი?

-არა აქვს მაგას მნიშვნელობა რას მიიღებს, ჩემთვის მიუღებელია და ასე იქნება მომავალშიც. ყველა, ვინც ამ მავნებლურ თამაშში ჩაერთვება მიმაჩნია სარწმუნოების და სახელმწიფოს მტრად.

-იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრება გაქვს გამოვლილი, არაერთი აქციის მონაწილე და ორგანიზატორი ხარ, როგორ ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცეს დღეს პოლიცია.

-პოლიციამ უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობით, არ შეასრულოს თავიანთი მავნებლური ხელისუფლების დირექტივები, მავნებელს იმიტომ ვახსენებ, რომ მე თავად ვიყავი 20 ივნისის აქციის დარბევის მონაწილე, ვიდექი პარლამენტის კიბეებზე როგორც მშვიდობიანი მონაწილე, პოლიციამ ძალას გადააჭარბა, ეს მაშინ, როცა ძალის გამოყენება სულ არ იყოს საჭირო. მაგრამ მათ მისცეს დირექტივა მავნებლური ხელისუფლების წარმომადგენლებმა… პოლიციელებს ვურჩევდი იმოქმედონ კანონის სრული დაცვით, მაგრამ არ შეასრულონ უკანონო დირექტივა, თუნდაც მინისტრის მიერ გაცემული.

ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ მე, როგორც სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ვაკვირდები ბოლო ორის კვირის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს, მრჩება განცდა და მაქვს ეჭვი, რომ ძალიან უნდათ ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია, სასულიერო პირების ტალახში ამოსვრა, ეს უნდა მავნე გარე ძალებს, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ქართულ ძალებს აწყობთ რამეში,ფაქტია რომ ეს ერთი კაცის თეატრი არ არის, ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული, მიზანმიმართული დარტყმა ჩვენთვის ყველასთვის, თითუეული ადამიანისთვის, ეკლესიაში იმდენად სიმშვიდე  და სულიერება სუფევს, რომ ვერანაირი  ძალა ვერ მოახერხებს ქართული ეკლესიის დისკრედიტაციას.