“ისეთები გაერთიანდნენ, რომ თვით ყოვლისმნახველი ქართველი საზოგადოებაც კი სახტად დარჩა…”

სოსო მანჯავიძე

-საპარლამენტო რესპუბლიკა არის სრული გაუგებრობა ქვეყანაში,სადაც პარტიების მაგივრად გვყავს მათი გროტესკული იმიტაციები და თვითმმართველობა კი ჩანასახოვან მდგომარეობაშია.
ამაზე დამატებული პროპორციული საარჩევნო სისტემა ხომ საერთოდ ტრაგიკომიკური ფარსი იქნება.
ცირკი ისაა, რომ ოცნებამ არაფერი გააკეთა,რომ არსებული ვითარებაში გარკვეულიყო და მოსახლეობაც გაერკვია,თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ.
ამიტომ პროპორციული არჩევნები რაღაც საკრალური რამ გახდა,მის სიკეთეში ეჭვის შეტანა კი-მიუტევებელი ერესი. “ოცნებამ” ვერ გაბედა რელიგიური დოგმატის რანგში აყვანილ პროპორციულ საარჩევნო სისტემას შეხებოდა.

მან საერთოდ საოცარი გზა აირჩია. დაავალა მაჟორიტარებს რომ კანონპროექტი ჩაეგდოთ, მაგრამ ამავე დროს მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა აცხადებს,რომ პროპორციული სისტემა უპირობოდ კარგია,მაგრამ მას ბოროტი მაჟორიტარები უშლიან ხელს,რომლებიც, ამავე დროს და ჰოი,საოცრებავ, კვლავ რჩებიან ოცნებაში.
ანუ,ოცნებამ ამით თქვა,რომ პროპორციული არჩევნები კარგი და აუცილებელია,მაგრამ ის ამ სიკეთეს არ აკეთებს 2024 წლამდე ანუ,თვითონვე დაიყენა თავი აბსოლუტურად წამგებიან,გაუმართლებელ მდგომარეობაში,მიიყენა უმძიმესი თვითდაზიანება აუცილებლობის გარეშე.

ამასობაში ის ათობით ერთ-ორკაციანი “პარტია”, რომელიც ხელებს იშვნეტდა პარლამენტში მოხვედრისა და საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მოლოდინში, გაწბილებული დარჩა.

ეს მოლოდინი და, შესაბამისდ, გაწბილება ამ ჩვენს მრავალტანჯულ პოლიტიკუმს საერთო ჰქონდა და ამიტომ ისეთები გაერთიანდნენ, რომ თვით ყოვლისმნახველი ქართველი საზოგადოებაც კი სახტად დარჩა.
პროცესი ,რომელიც მიმდინარეობს,ძალიან ჰგავს მორევს,რომელიც ერთად ითრევს ფსკერისაკენ მთელს პოლიტიკურ კლასს.

შედეგებსაც მალე ვიხილავთ.