“წინა მინისტრობის დროს ჩხენკელმა ან მოსვლით რა გააკეთა ან წასვლით?!.”

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით ფერაძე

პედაგოგი

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელის მობრუნებაში ვერანაირ ლოგიკურ პასუხს ვერ ვიპოვით! წინა მინისტრობის დროს ამ ბატონმა ან მოსვლით რა გააკეთა ან წასვლით?!

ბატიაშვილი თუ პროგრესსა და რეფორმასთან გააიგივა მმართველმა ძალამ (ასე იძახდნენ ერთ წელზე მეტი) მაშინ რეგრესს რატომღა დაუბრუნდნენ? ეს მსჯელობა სხვა დროისთვის გადავდოთ და ერთ ფრიად საგანგაშო ინფორმაციაზე უნდა გავამახვილო ყურდღება. ერთ-ერთი წყაროს ინფრომაციით, თურმე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელად აბრუნებენ ჩვენ მიერ უამრავ უკანონობაში ფაქტებით მხილებულ თამარ სანიკიძეს.

ექსმინისტრ სანიკიძის  სახელს უკავშირდება საგანმანათლებლო სისტემაში არნახული კორუფცია, ნეპოტიზმი, დიქტატი, პროფესიონალთა დევნა, პირადი ანგარიშწორება და სისტემიდან გაძევება, პირად ნაცნობობით დანიშნული დირექტორები, „ოდეერებისთვის“ მართვის სადავეების ჩაბარება; სამინისტროში ე.წ. კონსულტანტთა ჯგუფის შექმნა, რომლის «კრიშებიც» იყვნენ სანიკიძის საახლობლოდან სამინისტროს მაღალჩინოსნები და რომლებიც ე.წ იურიდიული დახმარების ნიღბით ფინანსურად ყვლეფდნე საჯარო სკოლებს; ოჯახურ ბიზნესის აწყობა და ამ ბიზნესით  შსს-ს მთელ რიგ ტენდერებში გამარჯვება ჯერ კიდევ მაშინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ღარიბაშვილი იყო; ახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-666 ლარის ყოველდღიური ხარჯი სანიკიძის შესანახად და უამრავი მსგავსი რამ… ყოველივე ამაზე  სხვადასხვა დროს დავდე მტკიცებულებები, რომლებიც თაროზე შემოდო პროკურატურამ. მაგრამ, როდესაც პრემიერ კვირიკაშვილს სანიკიძე პირადად მე მოვახსნევინე  მინისტრობიდან,  როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ დაულაგეს წინ ეს საქმე და იმის სანაცვლოდ, რომ ძიებას არ დაიწყებდნენ,  უხმოდ დაატოვებინეს მინისტრის პოსტი. თუმცა დასჯას გადაურჩა! დაუდგენელი ლობისტის მეოხებით სანიკიძე კანონის უხეში დარღვევით გადაიყვანეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად. უკანონოდ, რადგან ზუსტად მისი დანიშვნის დროს ამ ვაკანსიაზე გამოცხადებული იყო საჯარო კონკურსი.

კონკურსი აღარ გაიმართა და სანიკიძე  კონკურსის გარეშე დანიშნეს. ბატიაშვილის მინიტრობისას სანიკიძე მოხსნეს. ახლა ამ პოსტს კონკურსით შერჩეული პირი ხელმძღვანელობს და თუ ნეპოტისტი სანიკიძის დაბრუნების გადაწყვეტილება სიმართლეა, გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა აღსრულდეს ეს მორიგი უკანონობა? ან, ვინ ლობირებს სანიკიძეს,  ვინ აიძულებს ჩხენკელს მის რაბილიტაციას? რა გახდა, რომ სისტემის დამაქცევარი განათლების სისტემას ვერ მოაშორეს? რა პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას ეყრდნობიან ამ ადამიანში? სიცრუესა და ნეპოტიზმში გაწაფულობის გარდა, რა იცის მან განათლებაზე?

ვიმედოვნებ, ხელისუფლება თავს შეიკავებს იმ ადამიანის თანამდებობრივი რეაბილიტაციისაგან, რომელიც, წესით, ციხეში უნდა ყავდეს გამოკეტილი. და თუ ეს ასე არ იქნება, ჯერ აქ, უცხოეთში და შემდეგ საქართველოში დაბრუნებისთანავე ისევ განვაახლებ იმ ბრძოლას, რასაც თავის დროზე შეეწირა სანიკიძის მინისტრობა.