“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი – გამოწვევები და სირთულეები…

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა საკოორდინაციო ცენტრი”

 

-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. ვრცლად გამოწვევების და სირთულეების შესახებ.
* * *
ქართულ პოლიტიკას ორი უმაღლესი მიზანი განსაზღვრავს: 1.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 2.მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ორივე მიზანი ურთიერთკავშირშია და მათი ჰარმონიზაცია გვაძლევს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების მრავალწახნაგოვან ფორმულას.
ქართული პოლიტიკის ამოცანას წარმოადგენს იმ პოლიტიკური მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ აღნიშნული მიზნების შესრულებას.
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამოვყოფდი: 1.დემოკრატიზაციისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერების საკითხებს, 2.გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის პრობლემებს.
* * *
მაშ ასე, სირთულეების შესახებ..

1.გეოპოლიტიკის ანბანი გვასწავლის, რომ თუკი ერთ მეზობელთან გვაქვს ურთიერთობის პრობლემა, სხვებთან უცილობლად უნდა ვაწარმოოთ მეგობრული სამეზობლო პოლიტიკა და სრულიად გამოვრიცხოთ მათთან რაიმე სახის გაუგებრობები. ამავე დროს მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ლოკალიზება.

2.გეოეკონომიკურ სივრცეში დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას. უაღრესად დადებით ასპექტს წარმოადგენს გასასვლელი ზღვაზე, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ევროპასთან, უკრაინასთან და ხმელთაშუა ზღვასთან. საქართველო გლობალური ტრანსნაციონალური პროექტების არეალშია, რაც ერთის მხრივ უდიდეს პერსპექტივებს წარმოგვიჩენს, ხოლო მეორეს მხრივ ამგვარად შევდივართ კონკურენციაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც დღეს აკონტროლებენ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ მარშრუტებს. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა ვეძიოთ მოკავშირეები, გავზარდოთ მათი დაინტერესება და ჩართულობა გეოეკონომიკური პოტენციალის რეალიზების საქმეში.

3.ეროვნული იდეოლოგია უნდა ფორმირდეს იმგვარად, რომ ერთის მხრივ უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის დასავლური ორიენტირების სიმტკიცე, ამავე დროს ის არ უნდა გადაიქცეს დაბრკოლებად დიალოგის მონაწილეებთან და მხარეებთან. ეროვნული იდეოლოგიის ეფექტურობა განსაზღვრავს შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას და კონსოლიდირებულ პოზიციას სახელმწიფოებრივი ინტერესების ირგვლივ ერთიან პრინციპებზე და მიდგომებზე.

4.უმნიშვნელოვანესია ეკონომიკურ-სოციალური ფაქტორი. ეკონომიკური მაჩვენებლების პროპორციულად იზრდება სამოქალაქო თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის ხარისხი და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის პერსპექტივები. ქართული ეკონომიკური სივრცის უპირატეობა რუსეთის ეკონომიკურ სივრცესთან შედარებით უნდა იყოს ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. ამგვარი უპირატესობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უაღრესად ეფექტური რეფორმებით, კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით და ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებით. ამ მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ჭოჭმანის საბაბი არ უნდა გააჩნდეთ.

5.ყველაზე რთულად დაძლევადი ამოცანაა საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების გათვალისწინება და ამავე დროს მისი დარწმუნება იმ ჭეშმარიტებაში, რომ საქართელოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარება რუსეთისთვის ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ამ პრობლემების მოუგვარებლობა.

6.სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს ყველაზე დიდ სისრთულეს წარმოადგენს სამი გეოპოლიტიკური “ხვრელი” – რუსული ბაზები აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და სომხეთში. მათგან მომდინარე სამხედრო საფრთხის განეიტრალება შესაძლებელია მხოლოდ ალტერნატიული და ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალის მეშვეობით. სამხედრო აგრესიის შესაძლებლობის გამორიცხვა ერთიანად გაზრდის პროაქტიული პოლიტიკური ბერკეტების მოცულობას და საქართველოს ინტერესების წონას პოლიტიკურ დიალოგში ოკუპანტ ქვეყანასთან მიმართებაში.

7.აუცილებელია ზეწოლის მექანიზმების შემუშავება, არა უცილობლად მათი ამოქმედების მიზნით, რაც თავისთავად უკიდურესი და არაკონსტრუქციული ზომაა, არამედ ძირითადად პოლიტიკური ინსტრუმენტების დახვეწის მიზნით. უნდა დავითვალოთ ოკუპაციის შედეგად წლების განმავლობაში მოყენებული ზიანის სიდიდე, ყოველდღიური ზარალი, ჩვენ ხელთ უნდა გვქონდეს დასაბუთებული, ზუსტი ციფრები, რათა ოკუპანტ ქვეყანას სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული თუ რა ეკონომიკურ ჩიხს იღრმავებს აგრესიული პოლიტიკის შედეგად.

8.უნდა დაიხვეწოს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების ფორმა და პრიორიტეტები, ქართულმა მხარემ უნდა შეიმუშავოს იდეოლოგიური კონტექსტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებთან მუშაობისთვის. კონფლიქტის მოგვარების სქემა უნდა ითვალისწინებდეს როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ასევე აფხაზებისა და ოსების ეროვნულ თავისებურებებს და ღირსებას. მათ უნდა დავეხმაროთ დღევანდელი სიტუაციის უპერსპექტივობის გაცნობიერებაში და ერთადერთ გონივრულ ალტერნატივად მათ თავადვე უნდა “აღმოაჩინონ” ერთიან ქართულ სივრცეში დაბრუნების აუცილებლობაც და გარდაუვალობაც.

9.ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ვახმართ ერთმანეთთან ბრძოლას, დესტაბილიზაციას და რადიკალური განწყობების გაღრმავებას, არის დღე, როცა ჩვენ ზურგს ვაქცევთ და ვაზიანებთ ქვყნის ეროვნულ ინტერესებს. ამდენად ქართული პოლიტიკური სპექტრის უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს სამოქალაქო პატრიოტიზმის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებაზე. ჩვენ ვერასოდეს ვერავის და ვერაფერს ვერ მოვერევით, თუკი ჯერ ერთმანეთი გვყავს დასამარცხებელი და მოსარევი. ვიფიქროთ ამაზე.