იყო თუ არა რუსული ცენტრის გახსნა თბილისში ორმხრივი შეთანხმება?..

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ  დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. მისი თქმით, ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კარასინმა ეს კომენტარი ჟენევაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა: „ვიმედოვნებთ, კულტურული ხასიათის ღონისძიებები რუსების მონაწილეობით, ინციდენტების გარეშე ჩაივლის”, – განაცხადა კარასინმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა ორმხრივი შეთანხმების საგანი არ ყოფილა.

„ჩვენი შეხვედრის დროს გრიგორი კარასინისგან მოკლე კომენტარი მოვისმინე, რომ რუსული ენის სავიზო ცენტრს, რომელიც თბილისში მოქმედი კომერციული სტრუქტურაა, სურს გახსნას რუსული ენის კურსები ასევე კომერციულ საწყისებზე. მე ვუთხარი, რომ ჩავალ თბილისში და გავარკვევ რა და როგორ არის-მეთქი. არანაირი ორმხრივი შეთანხმება და რაღაც ამდაგვარი არ ყოფილა”, – განაცხადა აბაშიძემ.