ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს რუსეთის საგარეო უწყება ეხმიანება

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

“რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისადმი ინტერესი. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც.  მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის თბილისმა  უფრო მეტად პასუხისმგებლიანი მიდგომა აჩვენოს.

საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა იმას, რომ მოსკოვში ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, განიხილავენ, როგორც ამ ქვეყნის შიდა საქმეს. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობითა და სტაბილურობით, როგორც საქართველოში, ასევე მთელ კავკასიის რეგიონში,” – აღნიშნულია ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.