პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. საუბარია პრეზიდენტის ციტატაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს ჯარი და არ აქვს იარაღი.

“პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და გარკვეულ ძალებს პრეზიდენტის ბულინგში ადანაშაულებს:

“პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?

იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ “ლობიოს ჭამაზე”) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებით და ინტერპრეტაციებით.

რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას განცდა დაშორების თუ დაპირისპირების.

ამითი უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა.

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მისი და პოლიციის, ხან მისი და თავდაცვის ძალების ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?

მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა მით უმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტების შეკრებას, რომლებიც საქართველოს და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე.

ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებას და კულტურას კიდევ უფრო მეტად “გავუშალოთ ფრთები”(რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი) რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუ კი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს,”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.