როგორი უნდა იყოს ზეიმი საბავშვო ბაღში?! – ინტერვიუ კახაბერ გვანცელაძესთან

როგორი უნდა იყოს ზეიმი საბავშვო ბაღში?! ამ საკითხზე სასაუბროდ საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს გავესაუბრეთ.

– ბატონო კახა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო ზეიმები იმართება. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე უამრავი ბედნიერი ბავშვის ფოტოა გამოქვეყნებული. თქვენც ესწრებით ღონისძიებებს, თუმცა ამავე გვერდზე მშობელთ შეფასებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენც  ბევრი მომხმარებელი გვწერს, რომელთა პოზიციები, სიმართლე რომ ვთქვათ, ხშირად ურთიერთსაპირისპიროა, თუნდაც ყველაზე მარტივი რომ ავიღოთ, უნდა ეცვათ თუ არა კოსტიუმები ბავშვებს ან უნდა დაესწროს თუ არა მშობელი ღონისძიებას. რა სტანდარტი არსებობს ზეიმებთან მიმართებაში, რა არის ის მთავარი მოთხოვნა, რასაც კანონი უყენებს ბაღების ადმინისტრაციას?

– ეს თემა ბოლო წლებია მართლაც ძალიან აქტუალურია და ყველა მშობელს ინდივიდუალური მოთხოვნა აქვს ზეიმებთან და კიდევ სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უკვე არსებობს UNICEF-ის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლის ამსახველი პოსტერები ჩვენ გასულ წელს ყველა საბავშვო ბაღში დავარიგეთ. ეს არის გაიდლაინი, რომელიც გამოკრულია ყველა ბაგა-ბაღის სივრცეში და ხელმისაწვდომია მშობლებისთვისაც. ამ პოსტერზე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორი უნდა იყოს ზეიმი ბავშვისთვის: ღონისძიების მთავარი დანიშნულებაა, რომ ბავშვი იყოს პოზიტიურ განწყობაზე და ის უნდა ფიქრობდეს, რომ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც უყვარს, რაც უხარია, არ იღლება, არ ნერვიულობს, მასწავლებელი არ აძლევს აძლევს საჯაროდ შენიშვნას იმისთვის, რომ ვთქვათ, ვერ აუწყო ფეხი ან ვერ დაიცვა ხაზი, რაც საბჭოთა მეთოდოლოგიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ზეიმის მთავარი დანიშნულებაა, რომ ის უნარები და ცოდნა, რაც ბავშვმა გარკვეული პერიოდის მანძილზე შეიძინა, ღია ფორმატში გადმოსცეს.

მნიშვნელოვანია ზეიმი იყოს ბავშვის ასაკის შესაბამისი, სახალისო, არ უნდა იყოს ხანგრძლივი, დამღლელი, სტრესული და მაყურებლის მკაცრ შეფასებაზე გათვლილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ღონისძიებისთვის მზადების პროცესი, რადგან არც ეს ეტაპი უნდა იყოს დამთრგუნველი. იმისთვის, რომ ბავშვებს სცენაზე მაყურებლის წინაშე გამოსვლა გაუადვილდეთ, საჭიროა წლის განმავლობავში სხვადასხვა უნარებე მუშაობა. ესენია შემოქმედებითი თვითგამოხატვა, მეტყველება, სოციალურ ემოციური უნარები – თანამშრომლობა, თვითდარწმუნებულობა, რაც შედეგად მოიტანს იმას, რომ ბავშვისთვის ზეიმი იქნება ერთი ლამაზი დღე და არა გამოცდა, რომელიც მან წარმატებით უნდა ჩაბაროს მაყურებლის წინაშე.

– ასევე საკამათო თემაა, ბავშვებს ფორმები უნდა ეცვათ თუ არა, აქვს თუ არა ამისთვის ბაღს ბიუჯეტი თუ მშობლის ვალდებულებაა უზრუნველყოს მისი შვილის მონაწილეობისთვის კოსტიუმების მიტანა?

თუ ბავშვს აქვს რაიმე განსაკუთრებული როლი თამაშში, ძალიან მარტივად შეიძლება და ახერხებენ კიდეც, მოფიქრებას, დიდი ხარჯების გარეშე, როგორ უზრუნველჰყონ ბავშვისთვის შესაბამისი ინვენტარი. აქ დაძალება დაუშვებელია, თუმცა მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია და ეს არ ნიშნავს მხოლოდ კონტროლს და მონიტორინგს, არამედ გარკვეულწილად მათ მონაწილეობას სამზადისში.

– ხშირად გვინახავს მშობლები ზეიმების ჩვეულებრივი მონაწილეები არიან, რამდენად მიზანშეწონილია ეს და არის თუ არა ეს რამენაირად ხელშემწყობი ფაქტორი იმ მიზნის ეფექტურად მიღწევისათვის, რაც სკოლამდელი განათლების დანიშნულებაა?

– ზეიმის ერთ-ერთი დანიშნულებაა შემდეგი – ბავშვის გვერდით იყოს მისი საყვარელი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს აღმზრდელი, მშობელი, ბაღის ნებისმიერი პერსონალი და ა.შ. ზოგადად, ზეიმების ფორმატი ერთნაირი ვერ იქნება, რადგან თითოეული ჯგუფის ღონისძიება ყოველთვის დამოკიდებულია აღმზრდელის კრეატიულობაზე, მშობელთა თანამშრომლობაზე და ბავშვების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, ზეიმი უნდა იყოს ყველა ბავშვისთის სახალისო, ბედნიერი დღე, რომელიც სტრესის, ნერვიულობისა და დაძაბულობის გარეშე ჩაივლის. არის შემთხვევები, როცა პირიქით, მშობლის ყოფნა ბავშვისთვის უფრო სტრესულია, ვიდრე მისი არ ყოფნა ან პირიქით, ბავშვებს სწორედ მშობლებისთვის უნდა იმის ჩვენება, რისთვისაც გარკვეულ პერიოდის მანძილზე ემზადებოდა მეგობრებთან ერთად.

– როგორი ტიპის ღონისძიებების ჩატარებაა არის დაშვებული ან რეკომენდებული არსებული სტანდარტებით?

შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის ღნისძიებები, მაგალითად ზეიმი, დადგმა, დამატული თამაში, ექსკურსია, გამოფენა-პრეზენტაცია, გააჩნია, თემატურად რას აირჩევს აღმზრდელი იმის მიხედვით, თუ რა მასალა იქნა განვლილი და შესწავლილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მრავალფეროვანია ეს ჩამონათვალი და ამაზე აღარ გავაგრძელებ.

– რა ხდება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში – უნდა იყვნენ და არიან თუ არა ისინი ჩართული საზეიმო ღონისძიებაში და როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელი, თუ გსმ აღსაზრდელი ტირის, ყვირის და სტრესშია?

– ინკლუზიური განათლება ზოგადად გულისხმობს ყველა ბავშვის თანაბარ ჩართულობას ღონისძიებებსა და აქტივობებში, მიუხედავად მათი შესაძლებლობისა და უნარებისა. მე,, პირადად არაერთი ღონისძიება მინახავს, სადაც მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გამიგია, რომ აქტივობაში 5-6- გსმ ბავშვი იყო ჩართული. ყველა ბაღში მუშაობს პროფესიონალთა მულტიდისციპლინური გუნდი, რომელთა მუშაობის ეფექტურობა არაერთელ დადასტურდა. სერიოზული შედეგები სახეზე გვაქვს და ამის მომსწრე მე პირადად ხშირად გავმხდარვარ. ბაღის მთავარი ამოცანა, სწორედ ბავშვის ინდივიდუალური განვითარებაა და ჩვენი ბაღის პერსონალი ძალღონეს არ იშურებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

– საახალწლოდ საჩუქრები თუ დაურიგდათ ბავშვებს და რა თანხა გადაიხადა სააგენტომ ამისათვის.

– რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი, გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელშიც საუკეთესო წინადადება შემოგვთავაზა ქართულმა კომპანიამ. არსებული სტანდარტების მიხედვით შედგა სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც აბსოლუტურად ყველა აღსაზარდელს გადაეცემა. წელს აღნიშნული ნობათისთვის სააგენტომ 400 000 ლარზე მეტი გადიხადა.

– და ბოლოს, უნდა დაესწროს თუ არა მშობელი ღონისძიებას?

მსგავსი აკრძალვა არ არსებობს, თუმცა არის ღონისძიებები, რომელიც ისეთ აქტივობას შეიცავს, სადაც ბავშვები გარკვეულ უნარებს იძენენ და ავითარებენ, უამრავი ასეთი თემატური თამაშები გვაქვს ბაღებში, თუმცა დაესწრება თუ არა მშობელი ღონისძიებას ეს კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციისა და ღონისძიების ორგანიზატორების გადასაწყვეტია.

– გმადლობთ.

– წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.