გია ვოლსკი – ნაციონალური მოძრაობის ეჭვზე: ენას ძვალი არ აქვს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ სიყალბის დამამზადებელი სწორედ ის ხალხია, ვინც დღეს გაყალბებაზე ლაპარაკობს.

„ბოლო პერიოდში მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა: ენას ძვალი არ აქვს“, – უთხრა მედიას გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას. ბოკუჩავამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესთან დაკავშირებული სარჩელი და სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეჭვობენ, რომ თუ სასამართლო სარჩელს საბოლოოდ დააკმაყოფილებს, ხელისუფლება არაელექტრონულ მოწმობებს არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.

გია ვოლსკის განცხადებით, ამ ბრალდებების შეფასებაც კი უჭირს, რადგან სადავო ნორმის შეჩერებაში პოლიტიკური არაფერია: „არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა. თუმცა, სინოდის გადაწყვეტილება არსებობს აბსოლუტურად საპირისპირო. თუ ვინმე რაიმე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ“.

საკონსტიტუციო სასამართლომ ორი მოქალაქის სარჩელი არსებითად განხილვისთვის 26 დეკემბერს მიიღო. მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა ამ დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.