24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი განყოფილების უფროსი იყო

მარიამ ახალკაცი

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 5 იანვარს მათი შუამდგომლობის შემდეგ გადააყენეს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, პროკურატურამ 8 იანვარს ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ მისი დედა ცნეს. ასევე, დაზარალებულად არის ცნობილი მუხრან ჩხვირკია, რომელიც გარდაცვლილთან ერთად სცემეს.

პროკურატურის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია, მურად წურწუმია და ბრალდებულები იმყოფებოდნენ ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც ურთიერთშელაპარაკება დაიწყო. ამის მიზეზად უწყება ჩხვირკიასა და წურწუმიას მიერ სპეცრაზმელის საკუთრებაში არსებული მანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობას ასახელებს.

მათი თქმით, ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მათივე თქმით, ბრალდებულებმა ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ის 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.