სოხუმში არეულობა გრძელდება

მარიამ ახალკაცი

სოხუმში არეულობა გრძელდება – ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მივიდა. აქციის მონაწილეებმა ის შენობაში არ შეუშვეს.

ამ წუთებში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მობილიზებულნი არიან ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის წარმომადგენლები და ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

საპროტესტო აქციაზე მყოფი მომიტინგეები, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.

ოკუპირებულ სოხუმში, გუშინდელი დღიდან, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო გამოსვლები იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

ღამით, ე.წ. პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურს ნებაყოფლობით გადაყენების წინადადებით მიმართა.

მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ. ბჟანიამ აღნიშნა, რომ მას ე.წ. მოქმედი პრეზიდენტისგან, რაულ ხაჯიმბასგან პირადი მოლაპარაკებებისა და შეხვედრის წინადადება არ მიუღია.

“ვფიქრობ, შეუძლებელია ნებისმიერი ძალის გამოყენება. ეს არ მუშაობს და საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. აფხაზეთის უახლესი ისტორია ამას მეტყველებს,” – თქვა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.

როგორც Sputnik იუწყება, დემონსტრანტთა ნაწილი აქციაზე ხელკეტებით შეიარაღებული მივიდა, ასევე ისმის შეძახილები “გადამალე იარაღი”.

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, დაახლოებით დილის 7:30 საათზე, იარაღის მრავალჯერადი გასროლის ხმაც ისმოდა, რასაც მოჰყვა შეძახილები – “გილოცავთ ახალ წელს”, აქციის მონაწილეთა ნაწილი კი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.