“ხვალ მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძემ შეიძლება სცადონ საკონსტიტუციოზე სრული კონტროლის მოპოვება!..”

ლევან ალაფიშვილი

იურისტი

-“ხვალ, 2 ოქტომბერს საკონსტიტუციოს მოსამართლეები ფიცს დადებენო. სიმართლე გითხრათ ვინ და რის საფუძველზე განსაზღვრა ეს დღე უცნობია – კანონი ფიცის დადების არც ვადას, არც თარიღს და არც პროცედურებს არ განსაზღვრავს. არ მინდა დავიჯერო რომ ეს მოადგილე თავაძემ განსაზღვრა და პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესის თავმჯდომარე და ახლადგამწესებული მოსამართლეები მისი ნების აღმსრულებელნი აღმოჩნდნენ.

შესაძლოა სწორედ ხვალინდელი დღე იქცეს 20 სექტემბერს დაწყებული საკონსტიტუციოს ჯიბეში ჩასმის სპეცოპერაციის შემდგომ ეტაპად, ეს იმ შემთხვევაში თუკი ხვალვე სცადეს მოადგილე თავაძის თავმჯდომარედ გაყვანა. მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-თავაძეს თავმჯდომარეობისთვის საჭირო და გარანტირებული მე-5 ხმა გვენეტაძემ და უზენაესის პლენუმმა უბოძა ტუღუშის სახით.

ასე რომ, ხვალ მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძემ შეიძლება სცადონ საკონსტიტუციოზე სრული კონტროლის მოპოვება: თავმჯდომარე და ორივე მოადგილის შეცვლა, ორივე კოლეგიაზე სრული კონტროლი.
თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა პლენუმის მოწვევა და ჩატარება, ხვალ ფიცის დადებამდე და მოსამართლის უფლებამოსილებაში შესვლამდე კი პლენუმი არ არის მოწვეული და ვერც იქნება მოწვეული.
ამის შემდგომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმის სხდომა ჩატარდეს არჩევნების შემდეგ, შესაძლოა მას შემდგომ რაც ახლადარჩეულ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს მე-9 წევრის გამწესებაზე, ეს 1 ნოემბრამდე მოსწრებადია.
თუკი მურისიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძე-თავაძე მაინც იძალავებენ, მაშინ პროცესის პოლიტიკური კალაპოტიდან ჩამოშორებისა და საკონსტიტუციოს დასამორჩილებელი სპეცოპერაციის შესაჩერებლად ერთადერთ იარაღად რჩება პლენუმის გახსნისთვის საჭირო ქვორუმი. მართალია “პოლიტნაეზდნიკებს” აქვთ გარანტირებული 5 ხმა, მაგრამ პლენუმის გახსნისთვის საჭიროა 6 ხმა/დამსწრე, რომელიც მათ არ აქვთ!
დასასრულ, შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ეკა ბესელიამ ღიად განაცხადა მათი პოლიტიკური მიზანი: არჩევნების საკითხი არ გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიო. ეს უსაფუძვლო შიშია, მაგრამ მმართველმა ძალამ მიზნად სწორედ ეს დაისახა და ამისთთვის მიზანმიმიმართულად მიიწევს წინ, გვენეტაძეც და უზენაესი სასამართლოც, თავისი ახლადგამწესებული დამოუკიდებელი ვარსკვლავმოსამართლეებით უკვე ჩაისვა ჯიბეში. ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერია.
იმედია საკონსტიტუციოს ახლადგამწესებული მოსამართლეები გულდასმით გაიაზრებენ ამ ყველაფერს და შეეცდებიან საკონსტიტუციო სასამართლოსაც და სახელმწიფოსაც სერიოზული საფრთხე ააცილონ. სხვა შემთხვევაში ისინი, დანარჩენ 5-ზე უფრო მეტადაც შეიძლება იყვნენ პასუხისმგებლები მავნე შედეგებზე.

კომენტარის დატოვება