ქვემო ქართლში ყველის კუსტარულად მწარმოებლები გამოვლინდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის კუსტარულად მწარმოებლები გამოავლინა. სეს ინფორმაციით,  სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ კონტროლს იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირებისათვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა ეწევიან ყველის წარმოება-რეალიზაციას.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლში შემოწმების შედეგად გამოვლინდნენ არარეგისტრირებული სუბიექტები, რომლებიც სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და უვნებლობის სხვა მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ ყველის წარმოება-რეალიზაციას.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებლის დაცვა გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისაგან. სააგენტო აქტიურად ამოწმებს ყველის წარმოების, წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობის და რეალიზაციის ფაქტებს. სახელმწიფო კონტროლთან ერთად მიმდინარეობს ბაზების შექმნა და ოჯახური წარმოების სუბიექტების გამიჯვნა არარეგისტრირებული მწარმოებლებისაგან. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და კონკურენტული გარემოს შექმნა.“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით („სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“) ახორციელებს. დადგენილება 2020 წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში.

მიმდინარე წლის იანვრიდან სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, ვინც ორგანიზებულად ეწევა სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას.