სააკაშვილი: პუტინს ივანიშვილზე ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია გიგი უგულავას გამბედაობით. „მე მას ვესაუბრე ტელეფონით და მინდა ვთქვა, რომ ის მართლაც იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას, იმდენად თავაწეული იყო და იმდენად ღირსებით სავსე“, – განაცხადა სააკაშვილმა 10 თებერვალს ღამით, „მთავარ არხთან” ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ვერ წარმოედგინა, რომ კანონის ასეთი უხეში დარღვევით შესაძლებელი იყო სადმე მსოფლიოში ადამიანის დაჭერა: „ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს – ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს – ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე“.

სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რახან ასე იქცევა, ძლიერია: „არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი!“

„მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია და არ არსებობს მანიპულაცია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს და აქედან გამოძვრეს.

„ივანიშვილთან არანაირ დიალოგს აზრი აღარ აქვს! ჩვენ დიალოგი გვაქვს პრაქტიკულად გვამთან. ახლა მხოლოდ ტექნიკის საქმეა, რომ ისე შევუსრულოთ, მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ერთიანობა, უკომპრომისობა, ბოლომდე მიწოლა. ივანიშვილს ეშინია თავგანწირვის, შეუპოვრობის, გაბედულობის. იქ, სადაც ფული აღარ ჭრის, ივანიშვილის სამყარო იშლება. ის ვეღარ აღიქვამს იმ რეალობას, რაც შეიქმნა საქართველოში“.

სააკაშვილი, რომელმაც ერთიანობის აუცილებლობაზე ილაპარაკა, გამარჯვებაში დარწმუნებულია: „წელს ეს მორჩება! და საქართველო გავა სამშვიდობოზე!“

„საქართველო იყო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. დღეს საქართველო მაჩანჩალაა და მას ჰყავს მსოფლიოში ნომერ პირველი გადამგდები ივანიშვილის სახით. ოღონდ ამ ბრიყვმა ხიხომ ის არ იცის, ერთია, რომ ქართველი ხალხი გადააგდო და ამაზე ხალხი გასცემს პასუხს; მეორე, რომ პოლიტიკოსები გადააგდო, მაგრამ მათ თავიდან უნდა სცოდნოდათ, სად მიდიოდნენ; მაგრამ მთავარია – როცა აგდებ ამერიკელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლებიც ძალიან მიმნდობი ხალხია პირველ გადაგდებამდე…“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ილაპარაკა ქუჩაში ბევრი ხალხის გამოსვლის აუცილებლობაზეც: „მე დარწმუნებული ვარ, როგორც კი მსოფლიო ძალიან ბევრ ადამიანს იხილავს ქუჩაში გამოსულს, ეგრევე ჩაირთვება სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი, ეგრევე ჩაირთვება დიპლომატია და ეგრევე ქართველი ხალხი მიიღებს კიდევ ათმაგ მხარდაჭერას!“