“ვიცანი, ცრემლი ვერ შევიკავე და გავიპარე…ანუ “მონები” სხვის მიწაზე…”

ბლოგი

ტიმოთე

რამდენიმე თვეა, რაც ემიგრაციაში ვარ. ყოველი ხუთშაბათი და კვირა დღე, ისეთი ბედნიერია ჩემთვის რომ ვერ გადმოვცემ. ამ ორ დღეს, ზოგიერთი ემიგრანტი ისვენებს, იმ ზოგში, მეც ვიგულოსხმები. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთაც ,, პატრონი” (სადაც მიშაობს ის ადამიანი) არ ასვენებს ან, სხვაგან მიდიან და სხვის სახლს, დაწესებულებას ალაგებენ. დღეს ჩემი დასვენების დღე იყო და როგორც ყოველთვის, გავისეირნე.

სიარულმა მალე დამღალა და სკვერში, ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი. დავჯექი და საკუთარ თავს ვეკითხები:

,, როდის გაივლის ხუთი წელიწადი, რომ საქართველოში დავბრუნდე. ან მეყოფა ეს დრო. გავძლებ?!”

გვერდით, ორი ქალი მომიჯდა, ისინიც ქართველები. რაღაცას საუბრობდნენ, ერთი ტიროდა, მეორე კი, მის დამშვიდებას ცდილობდა. ხშირია ასეთი შემთხვევები და ძალიან ვიღლები ხოლმე ემოციურად. ყურსასმენები თან არ მქონდა ამიტომ, მეორე კაპიშონიც წამოვიმხე და სათვალის ქვეშიდან მტრედებს გავხედე.

-რა გავაკეთო? ერთი შენ თუ გელაპარაკები ჩემ სატკივარზე. ჩემი შვილები რომ მირეკავენ სულ ვატყუებ რომ კარგადა ვარ. ეს ვიდეო ზარებიც ხომ ჩემდა ჭირად მოიგონეს…

ხმა, რომელიც მესმოდა მეცნო და ოდნავ მივატრიალე კაპიშონში დამალული სახე. მეცნობოდა, ძალიან მეცნობოდა მაგრამ საიდან? ვერ ვხვდებოდი.

-დამშვიდდი. ხომ იცი, რომ სხვა უარეს დღეშია?! თავისებურად, ქალის დამშვიდებას ცდილობდა მისი მეგობარი.

-ეჰ, ამაზე უარესი აღარ წარმომიდგენია. პურს ვეღარა ვჭამ ისე მეზიზღება საკუთარი ხელები.

ქალმა უფრო მოუმატა ტირილს და მე მთელ სხეულში დამიარა. ვიცანი, ვიცანი! ეს ხმა, ღრმა ბავშვიბიდან მახსოვდა და ახლა, 24 წლის მერე ისევ ისეთი, ოღონდ ტკივილით სავსე იყო. ჩემ გვერდით, ჩემი მასწავლებელი იჯდა. ვის ხელშიც წერა – კითხვა და სწავლის სიყვარული ვისწავლე. ყველაფერი გამახსენდა, ყველა წვრილმანი, ყოველი დარიგება.

,, ისწავლეთ რომ საკუთარ ოჯახს და ქვეყანას გამოადგეთო” ამას რომ გვეუბნებოდა ისიც. მისი ნასწავლი ,, ვაშლი და შაქარაც” მომაგონდა და ყელში ცრემლების ლოდი გამეჩხირა. მომინდა, მივბრუნებიდი, მოვხვეოდი, მეკოცნა ნახევრად დაჭმუჭნულ სახეზე მაგრამ შემეშინდა. შემეშინდა, მე რომ მისი მოსწავლე ვიყავი ამას უფრო არ ეტკინა მისი გული. იქნებ ახლა მის დარდს სირცხვილიც დამატებოდა?! კაპიშონში უფრო ღრმად შევყავი თავი და სკამს მოვცილდი. ერთი კი შემომხედა, მაგრამ ვერ მიცნო. ან რანაირად მიცნობდა ასე ,, შენიღბულს”?

წავედი და მოშორებით დავჯექი. ვუყურებდი და ცრემლები თავისით მომდიოდა. ცოტახანში წამოდგნენ. ისევ ისე გაიარა, როგორც მაშინ. ამაყად, ოღონდ ამჯერად მუხლებ აკანკალებულმა. ალბათ, არ ეთმობოდა დრო, რომელიც ეს ესაა გამოელია.

წავიდა.

ახლა უკვე ვიდექი და მის ბინდში შერეულ მოძრაობებს თვალს არ ვაშორებდი. ვუყურებდი იქამდე, ვიდრე ხელმარცხნივ შესახვევში არ გაუჩინარდა თავისი ტკივილით. ვცდილობდი მაგრამ, ვერ მოვახერხე არ დამეწერა. და თუ ის, ჩემი მასწავლებელი წაიკითხავს და საკუთარ თავს ამოიცნობს. მინდა ვუთხრა:

მე, თქვენ ძალიან მიყვარხართ და დღეს, კიდევ ერთი, ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩამიტარეთ. მაპატიე მასწავლებელო, რომ ვერ გავბედე მიგხვეოდი და ასე, უსიტყვოდ გავიპარე.