“ევროპარლამენტარებს აინტერესებთ ხომ არ უკავშირდება უგულავას საქმე არჩევნებს”

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი  ირაკლი კობახიძე სტრასბურგში,  ევროპარლამენტარებს შეხვდნენ. ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზეც.

კახა კალაძის განცხადებით, განიხილეს გიგი უგულავას დაკავების საქმეც. როგორც მან აღნიშნა, პარტიის ლიდერებმა ევროპარლამენტარებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ საქმეს პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს და 48 მილიონი ლარის გაფლანგვის მყარი მტკიცებულებები არსებობს.

„2012 წლის შემდეგ საქართველოში მთელი რიგი ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, შესაბამისად ხელისუფლება არა და ვერ ჩაერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში“ -განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები  უგულავას საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ სვამენ, ერთადერთი კითხვა, რაც მათ აინტერესებთ, არის ის, რომ ხომ არ უკავშირდება ეს პროცესი არჩევნების დროს. „ჩვენ მათ განვუმარტეთ, რომ საქართველოში ყველა წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში ვეღარ უნდა ჩატარდეს გამოძიება.“