ცესკოს განცხადება საჩივრების წარდგენის წესებთან დაკავშირებით

„საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს, პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბანზე არ ხდება საჩივრის ჩაბარება ან დაფიქსირებული დარღვევის აღმოფხვრა, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს, ასევე უფლება აქვთ გაასაჩივრონ ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს დაფიქსირებული დარღვევები და მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც კენჭისყრის დღიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებულ განცხადება/საჩივარს გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც თავის მხრივ რეგისტრაციიდან 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. უფლებამოსილ პირებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ოქმის გასაჩივრება შეუძლიათ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გამო კენჭისყრის დღის პროცედურებთან და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით, შეიძლება გასაჩივრდეს 2 კალენდარული დღის ვადაში შესაბამის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოში“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება