“სიცრუე, სიცრუე და არაფერი სიცრუის გარდა…”

დავით ფერაძე

დიდუბის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, პედაგოგი.

(პრემიერის შეხვედრა პედაგოგებთან)

-“დიდი ჭკუა-გონება არ სჭირდება მიხვდე, რომ კვირიკაშვილის მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი წინასაარჩევნო პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილია. რაღა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, იგივე დატვირთვა ჰქონდა კვირიკაშვილის „გულახდილ“ შეხვედრას პედაგოგებთანაც.  მთავრობისგან და მატყუარა მინისტრისგან ეს აღარ მიკვირს, მაგრამ, მე მიკვირს, რით ვეღარ „გაიზარდნენ“ ჩემი კოლეგები? რა უნდოდათ ამ შეხვედრაზე?

ზუსტად ვიცი, რომ ეს ხალხი ნებით მისულთა რიცხვს არ განეკუთვნება. როგორც წესი, „შერჩევა“ ხდება წინასწარი გათვლილი კრიტერიუმებით. იმის მიუხედავად, რომ ჩემი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირ პროტესტს არ გამოხატავს ასეთ შეხვედრაზე, მაინც, „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ და სანდოობის მაღალი ხარისხით კრებენ პედაგოგებს. ერთი ორ შეკითხვას დააზეპირებენ და ეგაა. ესაა ჯერჯერობით უკვდავი საბჭოური წესი. აქ ნებისმიერ პედაგოგს, ცხადია არ შეახედებენ. ნიშანდობლივია, რომ ერთსა და იმავე დღეს მეორე საბჭოური შეხვედრა გამართა საბჭოურმა გადმონაშთმა ფსევდოუფლებადამცველმა პროფკავშირმაც. სამთავრობო „პიარმენეჯერ“  ჯეჯელავას განათლების სისტემის პროფლიდერმა და „მისმა გუნდმაც“ უმასპინძლა, ცხადია მადლიერებისა და აპლოდისმენტების თანხლებით:  პრემიერის რამდენიმე მნიშვნელოვან ტყუილს გამოვეხმაურები:

ტყუილი: არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება

ტყუილია. სინამდვილეში პირიქით ხდება. განათლების სამინისტრო წინასაარჩევნი დირექტივებს გასცემს რესურსცენტრებზე, რესურსცენტრები დირექტორებზე, დირექტორები პედაგოგებზე. ისინი იღებენ კონკრეტულ დავალებებს, ვის უნდა მისცენ ხმა და როგორ უნდა იმუშავონ კოლეგებზე, მშობლებზე, უფროსკლასელებზე. ამ შეხვედრის შერჩევითობის პრინციპიც ამ ტყუილის დასტურია;

ტყუილი:  „მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლას და განათლების სისტემას

სინამდვილეში სკოლა გადაქცეულია პოლიტიკურ იარაღად და ეს ხდება ყველა ხელისუფლების დროს. სკოლა არის სამთავრობო გუნდის ინტერესების იძულებით გამტარებელი.

ტყუილი: „ჩვენ ოთხი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ განათლებაში ხარისხის აწევასან ერთად, თეორიული და პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა პრიორიტეტად; ასევე, მიზნად დავისახეთ, პატრიოტული სულისკვთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასებულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება.

როდესაც ზემოხსენებული წნეხი, ცენზურა და თვითცენზურაა, როდესაც მოქმედებს დასმენის პოლიტიკა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო პედაგოგებს დევნიან, იქ ფასეულობებზე ლაპარაკი ზედმეტია.

ტყუილი:  გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები; 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.

საშუალო ხელფასი ვერ გახდება 800 ლარი. დაკანონებული სქემა არ იძლევა ამის საშუალებას. და რომც გახდეს, მსყიდველობითი თვალსაზრისით 2012 წლის საბაზო ხელფასსაც ძლივს გაუტოლდება. 800 ლარს თითზე ჩამოსათვლელი მესამე კატეგორია  ანუ წამყვანი მასწავლებელი და თანაც სრული განაკვეთის შემთხვევაში თუ მიიღებს.  ასეთები კი ძალიან ცოტაა

ტყუილი: განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც.

ეს არის სისულელე. რას ნიშნავს „თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღება“? რა აქამდე ეს ცნება არ არსებობდა?

ტყუილი: ეს ყველაფრი იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ სკოლა გახდეს ადგილი, სადაც ეხალისებათ მისვლა, სადაც არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადამიანური საუბარი ექნებათ თავიანთ პედაგოგებთან ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ, რაც ძალია მნიშვნელოვანია. ამისთვის, თავისუფალი გაკვეთილების ინსტიტუტის დანერგვა იგეგმება, რათა თემების ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის.

ასეთი ფუნქცია მასწავლებელს ლამისაა, უხსოვარი დროიდან აკისრია. ეს ფუნქცია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილია დამრიგებელზე, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, პედაგოგის მორალური მოვალეობაა მსგავსი ურთიერთობა ჰქონდეს მოსწავლეებთან .

ტყუილი: ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები სადამსჯელო მექანიზმი პედაგოგებისთვის, პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარი პროცედურა გავლილი, რომ შემდეგ მას ეხალისებოდეს ამაღლებული კვალიფიკაციის დადასტურება და არა ის, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ.

რას ნიშნავს ამას „მივაღწევთ“? იმას, რომ პრემიერი ვერ ბედავს სარწმუნო დაპირებას,  ე.წ. „განვითარების სქემის“ გაუქმების შესახებ? განა ეს სქემა არ განაპირობებს მასწავლებლის შიშით მოლოდინს და განა მთავრობის ხელში არაა სქემის გაუქმება?

ტყუილი: მასწავლებლის პროფესია, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური, სტრატეგიული და ქვეყნის მომავლის განსმზღვრელი ადამიანის პროფესია, უნდა გავხადოთ ყველაზე საამაყო და პრესტიჟული. ეს არი სჩვენი მიზანი და დარწმუნებული ვართ, ამას მივაღევთ.

ყოველი არჩევნების წინ საბჭოურიდან მოყოლებული, ამას აცხადებდა ყველა ხელისუფლება, მაგრამ ეს იყო და არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები და  კომკავშირული ფრაზები.

ტყუილი:  ჩვენ აბსოლუტურად ვაცნობიერებთ განათლების სისტემის მნიშვნელობას, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი პრიორიტეტი მთავრობისთვის და ეს იქნება სიტყვით, საქმით, დაფინანსებით, ყურადღებით და პატივისცემით

სინამდვილეში  განათლება არაა პრიორიტეტული და არც იქნება. ეს რომ ყოფილიყო,  მაშინ რეჟიმს არ ემსხვერპლებოდა ამდენი პროფესიონალი, ამდენი მცოდნე. მაშინ ამ 500 პედაგოგს ასე ბრეჟნევული სტილით არ „მიმოკრეფდნენ„ ის ვინც ტაშს უკრავდა ამ მარაზმულ აბსურდს, ვინც გულში ეხუტებოდა მთავრობის გუნდის პიარშემოქმედ  ჯეჯელავას-კვირიკაშვილს, ვინც აღფრთოვანებას ვერ მალავდა მათ გამო, ვინც ხვალ სკოლაში  ფრთებშესხმული მივა, აქაოდა პრემიერთან ფოტო გადავიღე და ჯეჯელავას შევეხეო, სულ ცოტა ხანში აღმოაჩენს რომ კიდევ ერთხელ მწარედ შეცდა. ახიც იქნება ასეთებზე!

 

კომენტარის დატოვება