“ოპოზიცია კომფორტულად თანამშრომლობს რუსულ მხარესთან”

მაისში თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთის დასწრება-არდასწრების თემას “ქართული ოცნება”-მრეწველების თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ღონისძიების მასპინძელი ევროსაბჭოა და ის წყვეტს რომელი ქვეყნის დელეგაცია მოიწვიონ საქართველოში და რომელი არა. “თუ რომელიმე წევრს აქვს ჩვენი კანონი დარღვეული, როდესაც ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებასთან, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ვალდებულებით უნდა ვიხელმძღვანელოთ”- აცხადებს ნოზაძე.

ნოზაძე ნინო ბურჯანაძის მიერ რუსეთში დაგეგმილ ხშირ ვიზიტებზეც საუბრობს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია აქტიურად და კომფორტულად თანამშრომლობს რუსულ მხარესთან და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით ხდება.

“დააკვირდით, ერთხელ მაინც თუ გამოთქვა პროტესტი ოპოზიციამ იმის გამო, რომ ქალბატონი ნინო რუსეთში ჩავიდა შეხვედრაზე? როდესაც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იკრიბებიან, ბუნებრივია ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა”-დასძენს “მრეწველების” თავმჯდომარე.