იურიდიულმა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კანდიდატის მოსმენა პარლამენტში შუადღის 2 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძემ უმრავლესობის 8 ხმა მიიღო.

შოთაძის მოსმენის დაწყებისას თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია დარბაზში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ. მათ დეპუტატებს “პოლიტიკური პატიმრების” ფოტოები დაურიგეს და გაშალეს პლაკატი წარწერით “მონა”. დეპუტატები სხდომაზე არ დარჩენილან. “ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ” — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს ხვალ, 18 თებერვალს უყრის.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.