ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტით დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.

გამოძიების ვერსიით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. უწყების ცნობით, აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს. სუს, ასევე, ირწმუნება, რომ ბორჯომის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 ათასი ლარი გამოართვა.

სუს-ის მტკიცებით, დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის – მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.