სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურ მუშაობას განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კარანტინში გადაყვანილ პირებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობას უხდის.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და თბილისის მეროს მოადგილე სოფო ხუნწარია.

მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.